ბარსკი ვლადიმერ გრიგოლის ძე (1. III. 1866, მოსკოვი, – 24. I. 1936, მოსკოვი), კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი.
დაამთავრა მოსკ. საიმპერატორო ტექნიკური სასწავლებელი. 1892–1917 მუშაობდა რეჟისორად და მსახიობად რუსეთის სხვადასხვა თეატრებში. 1918–1928 მოღვაწეობდა საქართველოში. თბილისში, პირონეს კერძო სტუდიაში მუშაობდა ფილმების გამავრცელებლად. აქვე გადაიღო თავისი პირველი ფილმები: „ცეცხლთაყვანისმცემლები“ (1919), „მითხარ, რისთვის?“ (1919), „უთავო გვამი“ (1920), „ნუ გძინავს“ (1920). საქართვ. გასაბჭოების შემდეგ თანმშრომლობდა „სახკინმრეწვში“, დგამდა სათავგადასავლო ფილმებს და მელოდრამებს. ერთ-ერთმა პირველმა მიმართა ქართ. ლიტ. კლასიკას („მოძღვარი“, ალექსანდრე ყაზბეგის მიხედვით, 1922) და ხალხ. თქმულებებს („არსენა ყაჩაღი“, ხალხ. პოემის მიხედვით, 1923). მის სახელთან დაკავშირებულია ქართულ კინოში ე. წ. ეთნოგრ.-ორიენტალისტური ტენდენციის დამკვიდრება. გადაიღო სათავგადასავლო ფ-ები „შუქურას საიდუმლოება“ (1925) და „მეცხრე ტალღა“ (1926, ასრულებს ოფიცრის როლს). სცენარისტ გ. არუსტანოვთან ერთად მუშაობდა „რევოლუციური წარსულის“ ამსახველი სათავგადასავლო ფილმების სერიაზე საერთო სათაურით „რკინის კატორღა“, 1925 გადაიღო ამ სერიის ორი ფილმი: „წარსულის საშინელებანი“ და „ათასის ფასად“. ეკრანზე გადაიტანა მიხეილ ლერმონტოვის „ჩვენი დროის გმირი“ – „თავადის ასული მერი“ (1925), „ბელა“ (1927), „მაქსიმ მაქსიმიჩი“ (1928) და ლევ ტოლსტოის „კაზაკები“ (1928). როგორც მსახიობი მონაწილეობდა ფილმებში: „ჯავშნოსანი „პოტიომკინი“ (კაპიტანი გოლიკოვი, რეჟ. ს. ეიზენშტეინი, 1926, რუსეთი), „მექანიკური ხოჭო“ (ჟანი, რეჟ. დ. ბასალგო, 1928, რუსეთი), „დიდებით მოვაჭრენი“ (მაიორი ბლანშარი, რეჟ. ლ. ობოლენსკი, 1929, რუსეთი), „შაქირი“ (კოლონისტი, რეჟ. ლ. ესაკია, 1932,), „ნასტენკა უსტინოვა“ (სუდარიკოვი, რეჟ. კ. ეგერტი, 1934, რუსეთი,), „პეპო“ (მოსამართლე, რეჟ. ა. ბეკ-ნაზაროვი, 1935, სომხეთი,) და სხვ.
მონაწილეობდა თურქმენეთისა და უზბეკეთის კინემატოგრაფიების ჩამოყალიბებაში.
მ. კერესელიძე