ბარტუ ჟან ლუი

ბარტუ (Barthou) ჟან ლუი (25. VIII. 1862, ოლორონ-სენტ-მარი, – 9. X. 1934, ქ. მარსელი), ფრანგი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და იურისტი.

1889-იდან სისტემატიურად ირჩევდნენ საფრ. პარლამენტის დეპუტატად. 1913 საფრ. პრემიერ-მინისტრი. 1922 საფრ. დელეგაციის ხელმძღვანელი გენუის კონფერენციაზე. 1922–24 და 1926–29 იუსტიციის მინისტრი. 1934 თებ.-ოქტ-ში საგარეო საქმეთა მინისტრი. 1918-იდან საფრ. მეცნ. აკად. წევრი. 1933-იდან ჰიტლერული გერმანიისაგან საფრანგეთის უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით ემხრობოდა სსრკ-თან თანამშრომლობას. იუგოსლავიის მეფესთან ერთად მარსელში მოკლეს ხორვატმა ტერორისტებმა.

ბ. აქტიურად უჭერდა მხარს საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის (1918–21) საერთაშ. აღიარებას, ხოლო 1921 თებ-იდან, საბჭ. რუსეთის მიერ ქვეყნის ანექსიის შემდეგ – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეს. გენუის კონფერენციაზე (1922) ბ. გადაჭრით გამოვიდა საქართველოს საერთაშ. უფლების დასაცავად. კერძოდ, მან კონფერენციის დღის წესრიგში დააყენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის (ხელაიას) საპროტესტო მიმართვის განხილვის საკითხი და საფრ. დელეგაციისა და მთავრობისათვის მიცემულ წერილობით ინსტრუქციებში საგანგებოდ აღნიშნა, რომ საბჭ. რუსეთს არ მისცემოდა კონფერენციაზე საქართველოს სახელით გამოსვლის უფლება. ერთ-ერთ ამგვარ ინსტრუქციაში, რ-იც წარედგინა საფრანგეთის მთავრობას, ბ. წერდა: „საფრანგეთის მთავრობას, რომელმაც თავის მოკავშირეებთან ერთად ცნო დე-იურე საქართველოს წინანდელი მთავრობა, არ შეუძლია დღეს რაიმე მოლაპარაკება გამართოს საქართველოს საკითხის შესახებ ფაქტობრივი ძალაუფლების წარმომადგენელთან, რომელმაც საქართველოდან გამოაძევა მისი კანონიერი მთავრობა“.

ბ-ს ახლო მეგობრობა აკავშირებდა ქართ. პოლიტ. ემიგრაციის არაერთ გამოჩენილ მოღვაწესთან.

ლ. ურუშაძე