ბარში

ბარში, სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის თემში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), ცალგმილის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ლეშთის (ენგურის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 1480 მ, მესტიიდან 35 კმ. 54 მცხ. (2014).

ბ-ის ჩრდ.-დას. ნაწილში, სოფლისგან გამოყოფილ შემაღლებულ ადგილზე, აღმართული იყო დადიშქელიანების ციხე-დარბაზი (დღეისათვის ნანგრევებია). სავარაუდოა, რომ კომპლექსი XVI ს. დამდეგსაა აგებული. ციხე-დარბაზს გარს ერტყა სათოფურებიანი ზღუდე. რ-ზედაც შიგნით სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები იყო მიდგმული. მათგან ყველაზე ადრინდელი უნდა იყოს დიდი ზომის სვანური ორსართულიანი საცხოვრ. სახლი, რ-ის პირველი სართულის ერთი ნაწილი საქონლის სადგომად იყო გამოყენებული, მეორე – შინამოსამსახურეთა სამყოფლად. მეორე სართულის ოთხივე კედელს თაღებიანი საბრძოლო პარპეტი აგვირგვინებდა. როგორც ჩანს, ციხე-დარბაზის კომპლექსის შექმნამდე დადიშქელიანების საცხოვრებელი ეს სახლი იყო. ციხე-დარბაზის ტერიტორიის შედარებით შემაღლებულ ადგილზე ხუთსართულიანი საბრძოლო კოშკია აღმართული. იგი სვანეთში ყველაზე დიდი მოცულობისა (საძირკველთან მისი ზომაა 6,60 X 6,55 მ) და სიმაღლის (30 მ-მდე) კოშკია.

პირველი სართულის სათავსი მიწიდან თითქმის 8 მ-ზეა, იქამდე კოშკი ერთიანია. კოშკის ტანი სიმაღლის 1/3-მდე სწორია, შემდეგ ვიწროვდება, დაგვირგვინებულია თაღებიანი პარაპეტით. აქედან შორ მანძილზე შეიძლებოდა თვალთვალი და საბრძლო ოპერაციების ჩატარება.

ლიტ.: ქალდანი ა., დადეშქელიანების ციხე დარბაზი სოფ. ბარშში, «ძეგლის მეგობარი», 1976–77, № 43–44.