დიფერენციალური ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიის დარგი, რ-იც შეისწავლის ადამიანთა ქცევისა და განცდების ინტერ და ინტრა ინდივიდუალურ განსხვავებებს, აღწერს და იკვლევს მათი წარმოშობის მიზეზებს.
მეცნიერული დ. ფ-ის ფუძემდებლად ითვლება გერმ. ფსიქოლოგი ვილიამ შტერნი, რ-მაც თავის ფუნდამენტურ მონოგრაფიაში (1900) პირველმა ჩამოაყალიბა დარგის მეთოდოლოგიური მოძღვრება. შტერნმა გამოყო პიროვნების კვლევის ოთხი მიდგომა (ვარიაციის, კორელაციის, კომპარაციისა და ფსიქოგრაფიის), რ-საც უნდა ემყარებოდეს პიროვნების კვლევა და რ-იც დღესაც წარმატებით გამოიყენება ფსიქოლოგიაში. იმავე პერიოდში ა. ბინეს (1903) მიერ დაწყებული ტესტირება აღმოჩნდა დ. ფ-თვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ინტელექტის მიხედვით განსხვავებათა საკვლევად.
1917, როდესაც ამერიკა ჩაერთო პირველ მსოფლიო ომში, შეიქმნა სპეციალური კომიტეტი (იერკსი, ოტისი), სადაც დაიწყო სპეციალური ტესტების შემუშავება და გამოყენება წვევამდელების ინტელექტუალური უნარების შესამოწმებლად. შემდგომში დ. ფ. მნიშვნელოვანი ემპირიული მონაცემებით შეივსო ბიოლოგიის, გენეტიკის, კულტურის ანთროპოლოგიისა და სტატისტიკის სფეროდან. ამ მონაცემების სისტემატიზირება მოხდა ა. ანასტაზისა (1958) და ჰოფშტეტერის (1971) მონოგრაფიებში.
თანამედროვე ფსიქოლოგიაში დ. ფ-ს ხშირად პიროვნების ფსიქოლოგიას, ზოგჯერ კი ინდივიდუალურ ფსიქოლოგიას უწოდებენ. ამის შესახებ აზრთა სხვაობა არსებობს: ავტორთა დიდი ნაწილი თვლის, რომ დ. ფ. შეისწავლის მხოლოდ იმ ნიშნებს (თვისებებს), რ-ითაც ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან (Fisseni, 1998), ხოლო პიროვნების ფსიქოლოგიას კი საქმე აქვს პიროვნების საფუძვლად მდებარე სტრუქტურებთან და პროცესებთან. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პიროვნების შესახებ თავისი კონცეფციის ჩამოყალიბების დროს პიროვნების ფსიქოლოგია ითვალისწინებდეს დ. ფ-ის მონაცემებსაც.
საქართველოში დ. ფ-ის კვლევას საფუძველი ჩაუყარა დ. უზნაძემ, რ-მაც დაადგინა, რომ განწყობის შემუშავება, ფიქსირება და გამოვლენა ინდივიდუალურად განსხვავებულ ხასიათს ატარებს. შემუშავდა განწყობის ძირითადი დიფერენციალურ-ფსიქოლ. ცნებები და განწყობის ტიპოლოგიური ერთეულები. განწყობის განსხვავებული ტიპების ქარაქტეროლოგიური ღირებულება გამოიკვლია ვ. ნორაკიძემ, რ-მაც განწყობის ტიპოლოგიის საფუძველზე გამოყო ხასიათის განსხვავებული ტიპები.
ლიტ: A s e n d o r f J. B., Psychologie der Persönlichkeit, B., 2004; S a l e v s k i Chr., R e n n e r B., Differentielle und Persönlichkeitspsychologie, Münch., 2009.
დ. ფარჯანაძე