ბარხუდარიანი სერგი (სარქის) ვასილის ძე [26. VIII (7. IX). 1887, თბილისი, – 13. V. 1973, იქვე], სომეხი კომპოზიტორი და პედაგოგი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1936). ცხოვრობდა საქართველოში.
1906 დაამთავრა თბილ. სამუსიკო სასწავლებელი. 1907 სწავლობდა ბერლინის კონსერვატორიაში (ფორტეპიანოს კლასი). 1915 დაამთავრა პეტროგრ. კონსერვატორია (ი. ვიტოლის საკომპოზიციო კლასი). 1923–55 თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვ. პედაგოგი იყო (1941-იდან პროფესორი). მისი მოწაფეები იყვნენ ო. თაქთაქიშვილი, შ. თაქთაქიშვილი, გ. კილაძე, გ. ჩხიკვაძე, შ. აზმაიფარაშვილი, ა. ანდრიაშვილი, ო. ბარამიშვილი, ნ. გუდიაშვილი და სხვ. ბ-ს ეკუთვნის სიმფ. პოემა „ანუში“ (1917), ბალეტი „ნარინე“ (1938), უვერტიურა „1943“, რომანსები, საფორტეპიანო პიესები, თეატრისა და კინოს მუსიკა.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.