ბესლახუბა

ბესლახუბა (ქართ. წყაროებით ღალიძგა), სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), შავიზღვისპირა დაბლობზე, მდ. ღალიძგის მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., აბჟააფთრა, ახალი აკვასკია, დოდლანი). ზ. დ. 30 მ, ოჩამჩირიდან 7 კმ.

სახელი „ბ.“ სოფელმა მიიღო მას შემდეგ, რაც XVII ს. 80-იან წლებში ტერიტორია მდ. კელასურიდან მდ. ენგურამდე აფხ. სამთავროს შემადგენლობაში შევიდა (ბესლახუ, ბესლაყო გავრცელებული საკუთარი სახელი იყო შარვაშიძეების საგვარეულოში).

ბ-ში მდ. ღალიძგის მარჯვ. ნაპირას, დგას წმ. ონოფრეს გალავანშემოვლებული ეკლესია, განახლებულია XIX ს. შუა წლებში აფხ. უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვშიძისა და მისი მეუღლის ალექსანდრა დადიანის „ბრძანებითა და საფასით“ (ნათქვამია ეკლესიის დას. კარის თავის მხედრულ წარწერაში). განახლებისას გამოყენებულია ძვ. ეკლესიის თლილი ქვები და ჩუქურთმები. ინტერიერში ჩანს კედლის მოხატულობის კვალი.

ღალიძგა და მისი ეკლესია მოხსენიებულია ლევან დადიანის 1628 შეწირულობის სიგელში ბიჭვინთის ტაძრისადმი („...შემოგვიწირავს ღალიძგას ძველი ჩვენი სასახლე მისის კარის ეკლესიითა...“) და 1639 დათარიღებულ წმ. ონოფრეს ხატის წარწერაში („მოვაჭედინე ხატი ესე... და დავასვენეთ ღალიძგის სასახლესა კარის ეკლესიასა...“). პუნქტი „ღალიძგა“ გვხვდება ევრ. რუკებზეც.

ბ-ში გალავნისა და სხვა ნაგებობების კვალი ბევრია. აქ სხვადასხვა დროს ნაპოვნია ქვის იარაღი, რკინის შუბისპირი, ისრისპირები, ქვის ჭურვი და სხვ.

ბ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ლიტ.: კაკაბაძე ს., დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, [წგ.] 1, თბ., 1921; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.

გ. აფაქიძე