ბესტავაშვილი ვასილ გიორგის ძე (15. V 1882, სოფ. ატენი, გორის მუნიციპ-ი, – 22. I. 1963, იქვე), მევენახე-მეხილე სელექციონერი. 1890–1903 სწავლობდა წინამძღვრიაანთკარის სას.-სამ. სკოლაში, შემდეგ კი – გორის სამოქალაქო და თბილ. საბაღოსნო, ასევე იალტის (ყირიმი) მაგარაჩის მევენახეობა-მეღვინეობის სასწავლებლებში. 1904–35 იყო გორის, ხაშურისა და დუშეთის რ-ნებში აგრონომ-ინსტრუქტორი, სხვადასხვა სანერგე მეურნეობებში – მთ. აგრონომი, 1907–10 – ჟურნ. „Вестник виноделия“-ს კორესპონდენტი. 1914–16 ბ. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში; 1927–30 იყო დუშეთის რ-ნის სოფ. ბულაჩაურის მევენახეობა-მეხილეობის სანერგის გამგე. 1940–54 მონაწილეობდა საკავშ. სას.-სამ. გამოფენებში, სადაც გადაეცა ოქროსა და ვერცხლის მედლები. 1947–60 ბ. იყო მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი, ასევე სოფ. ხიდისთავის (გორის რ-ნი) ექსპერ. ბაზის გამგე.
1904-იდან ბ-მა მუშაობა დაიწყო ვაზის და ხეხილის სელექციაში. 1912 მიიღო ტკბილთესლიანი ატმის („ბესტავაშვილი“) და ყურძნის („წედისური შავი“) ჯიშები. ცნობილია ბ-ის გამოყვანილი ატმის (წედისური სახრავი და საპობი, შაქარგულა, გოგიას ატამი, მარიამი, ატენური ყვითელი, ვაჟური, ნუგურა და სხვ.) და ყურძნის (ბესტავაშვილის თეთრა, გორული თეთრი, ანაბესტი, წვრილმარცვალა და სხვ. ჯიშები). მან შეაჯვარა თავკვერი და საფერავი, ჩაუმი და განჯური. 1947 სტალინმა გაგრაში დააგემოვნა ატამი „ბესტავაშვილი“, იქვე გაშენდა ატმის ბაღი.
ჯიშების გამოცდა მიმდინარეობდა უკრაინაში, ყირიმში, ჩრდ. კავკასიაში. „ბესტავაშვილის“ ნათესაური ჯიშებია „სტოიკი“ და „სლავა კუბანი“. ლონდონის პრესამ გამოაქვეყნა წერილი სათაურით: „ფურორი ლონდონში“. სტატიაში აღწერილია ატმის ჯიში „წედისური“, რ-იც გამოირჩევა უხვი მოსავლით და ნაყოფის სილამაზით. 1949 მთავრობამ სოფ. ხიდისთავში ბ-ს გამოუყო 4 ჰა ფართობი და აუშენა ლაბორატორია, სადაც ის კვლევით საქმიანობას ეწეოდა. მას დაენიშნა პერსონალური პენსია და გადაეცა ფულადი ჯილდო (100 000 მანეთი).
ლიტ.: რამიშვილი მ., ერისთავი ე., მიჩურინილი ვ. ბესტავაშვილი, თბ., 1950; ჩხეიძე თ., ქართველი აგრონომები, თბ., 1962; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: 1801–1952; ტ. 1/ იოსებ იმედაშვილი, თბ., 2018.