ბეუშათი

ბეუშათი, ბეუშართი, ბეიშართი (არაბ. ბაი შარტ – გაყიდვა ან დაგირავება პირობით), გირავნობის სახეობა გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში.

მისთვის დამახასიათებელი იყო მტკიცედ განსაზღვრული და მეტწილად მოკლე ვადა (რამდენიმე დღეც კი); გირაოს ღირებულებასთან შედარებით მცირე გასესხებული თანხა, გირაოს გადაცემა მოგირავნის მფლობელობა-სარგებლობაში სარგებლის აღუნიშვნელად და, რაც მთავარია, საგანგებო წერილობითი პირობა, რომ ვადაზე დაუხსნელი გირაო უშუალოდ მოგირავნის საკუთრება გახდებოდა.

ბ. დაკავშირებული იყო უმთავრესად სამომხმარებლო კრედიტთან და მევახშური ექსპლუატაციის იარაღს წარმოადგენდა. „საქართველოს ძველთაგან და ჩვეულებითად ქართველ მეფეთა დროთა შემოღებულნი სჯულნის“ მიხედვით, ბ. „საქართველოსა შინა შეუწყნარებელი იყო და არც უსაქმია“. სინამდვილეში კი მას, XVIII ს-ში მაინც, არც ისე იშვიათად მიმართავდნენ. ბ. ენათესავება ნასყიდობას უკანვე გამოსყიდვის უფლების დათქმით. იყენებდნენ ნასყიდობის შესანიღბავადაც. ანალოგიური გარიგება სხვადასხვა სახელწოდებით ცნობილია დას. ევრ. ქვეყნებისა და რუს. სამართ. ისტორიაშიც.

ლიტ.: დოლიძე ი., საქართველოს ჩვეულებითი სჯული, თბ., 1960, მ. 11, გვ. 100–102.

დ. ფურცელაძე