ბექა ოპიზარი, XII ს. II ნახ. – XIII ს. დასაწყ. ოქრომქანდაკებელი, თავისი დროისათვის და შემდეგაც სახელგანთქმული ხელოვანი. წარმოშობით ან შემოქმედებითი მოღვაწეობით ოპიზასთან (კლარჯეთი) უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, ჩვენს დრომდე მოაღწია ბ. ო-ის მხოლოდ ორმა ნამუშევარმა – ანჩის ხატის ჩარჩოსა და წყაროსთავის სახარების ყდის მოჭედილობამ. წყაროსთავის სახარების ყდის ერთ მხარეს, ვერცხლის მოჭედილობაზე (20 სმ × 17 სმ) „ვედრების“კომპოზიციაა გამოსახული, მეორეზე – „ჯვარცმისა“. გლუვ ფონზე ფიგურები და კუთხეების მცენარეული ორნამენტი მაღალი რელიეფითაა გადმოცემული. ტახტზე მჯდომ ქრისტეს თავთან და ფეხებთან მოჭედილობის საერთო კომპოზიციასთან შერწყმული, ჩარჩოშემოვლებული რელიეფური ასომთავრული წარწერებია, რ-თა მიხედვით, წყაროსთავის სახარების დამკვეთია ტბეთის ეპისკოპოსი იოანე მტბევარი. მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებათა შორის კი ასეთი წარწერაა: „ქრისტე, შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ ოპიზარი“. ხელნაწერის ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, ეს სახარება გადაიწერა 1195; ყდის მოჭედვის თარიღიც იგივე ან მომდევნო წელი უნდა იყოს.
სახელგანთქმული ანჩის ხატის მოოქრული ვერცხლის ჩარჩოს მოჭედილობა თამარ მეფის ბრძანებითა და ანჩის ეპისკოპოსის, ჰიმნოგრაფ იოანე ანჩელ-რკინაელის შეკვეთით შესრულდა. ხატის წარწერაში ნათქვამია: „ქ. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა ღმრთივ გვირგვინოსნისა დიდისა დედოფალთ დედოფლისა თამარისაითა, მე იოანე ანცელმან რკინაელმან ჴელვყავ საშინელისა, ამის ხატისა პატიჳთ მოჭედად, მფარველმცა არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა მოიჭედა ჴე(ლი)თა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე“. ხატის ჩარჩო (145 სმ × 71 სმ) შემკულია „ვედრების“ კომპოზიციით. მარჯვ. და მარცხ. შვეული არშიების შუაში მოთავსებულია მაღალი რელიეფით შესრულებული ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის მთლიანი, ოდნავ დაგძელებული ფიგურები, ორი ზემოთა კუთხე მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზებს უჭირავთ, ხოლო მ. შ. ცენტრში ე. წ. „საყდრის“ ალეგორიული გამოსახულებაა – სამეფო ტახტი ზედ აღმართული ჯვრით. ქვემო არშიის შესაბამის ადგილებზე პეტრე და პავლე მოციქულებისა (კუთხეებში) და იოანე მახარებლის გამოსახულებებია.
ბ. ო-ის შესრულებულია აგრეთვე ანჩის სახარების ყდის მოჭედილობაც, რ-საც ჩვენამდე არ მოუღწევია. 1895, როცა ეს სახარება ე. თაყაიშვილმა პირველად ნახა წალკის რ-ნის სოფ. წინწყაროში, მას მხოლოდ ხის ყდა ჰქონდა. ხელნაწერის ბოლოს დართულ ანდერძში ნათქვამია, რომ სოფრომ მწიგნობარმა წიგნის ყდა მოაჭედინა „...ღმრთისა მიერ კურთხეულსა ღირსსა ოქროჲსმქანდაკებელსა ბექასა“.
ბ. ო-ის ვირტუოზულად შესრულებული ჩუქურთმები, მაღალმხატვრულად დამუშავებული ფიგურები მოწმობს პროფ. დახელოვნების მაღალ დონეს. ბ. ო-ის ნამუშევრები დამახასიათებელია ქართული ოქრომჭედლობის განვითარების იმ ეტაპისათვის, როდესაც დეკორ. ტენდენციებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
ლიტ.: ა მ ი რ ა ნ ა შ ვ ი ლ ი შ., ბექა ოპიზარი, თბ., 1956; ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; Ч у б и н а ш в и л и Г. Н., Грузинское чеканное искусство, Тб., 1959.
ვ. ბერიძე