ბექაური ვლადიმერ ივანეს ძე (27. XII. 1882, სოფ. კიტოხი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპ., – 8. II. 1938), გამომგონებელი, ორგანიზატორი.
1903 დაამთავრა თბილ. მიხეილის სახ. რკინიგზის ტექ. სასწავლებელი. 1905 ხაშურის საორთქლმავლო დეპოს გაფიცული მუშების სამხ. დახმარებისათვის იდევნებოდა პოლიციისაგან. 1907 საცხოვრებლად გადავიდა ციმბირში, შემდეგ კი – პეტერბურგში. ამ პერიოდს განეკუთვნება მისი მთელი რიგი გამოგონებები, მ. შ. აღსანიშნავია „რკინიგზის ტრანსპორტის ავტომატიზაცია და სიგნალიზაცია“, რ-ის პატენტი შეისყიდეს გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, იტალიასა და იაპონიაში. 1921 წ. 1 იანვარს ბ. სათავეში ჩაუდგა „ექსმანს“ („უახლეს გამოგონებათა ექსპერიმენტულ სახელოსნოს“), რ-იც მისი მონაწილეობით ჩამოყალიბდა. იმავე წლის 15 აგვისტოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა „ოსტეხბიურო“ („განსაკუთრებუილი ტექნიკური ბიურო“) ბ-ის ხელმძღვანელობით. ბიუროს სამუშაოთა თემატიკა ეხებოდა ნაღმების, ტორპედოების წარმოებას, წყალქვეშა ცურვას, კავშირგაბმულობას, საპარაშუტო ტექნიკასა და სხვა დარგებს. აქ ამუშავებდნენ აგრეთვე რადიოსაშუალებებით მართულ ფუგასებს, კატარღებს, ტორპედოებს და სხვ.
ბ-მა გამოიგონა აპარატურა საჰაერო-სადესანტო ოპერაციათა ტექ. უზრუნველყოფისათვის. დიდი ღვაწლი მიუძღვის რადიოტექ., კავშირგაბმ., ელექტროტექ. და ჰიდროაკუსტიკის დარგებშიც, სადაც მისი პირადი ხელმძღვანელობით დამუშავდა არაერთი ორიგინ. კონსტრუქცია. მ შ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბემი. ბ-ის გამოგონებებს წარმატებით იყენებდნენ II მსოფლიო ომის დროს.
ბ. ეწეოდა ქველმოქმედებას. საკუთარი სახსრებით ააშენა ხაშურის რაიონული და სოფ. ალის საავადმყოფოები, დააკომპლექტა საზღვარგარეთული და სამამულო ინვენტარით. ეკონომიკურად ეხმარებოდა მოსკოვსა და ლენინგრადში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.
ლიტ.: გ ო გ ი ძ ე შ., გამომგონებელი ვლადიმერ ბექაური, თბ., 1968.
ი. ბექაური
ე. შოშკოვი