ბატონიშვილი, სიუზერენის შვილი ფეოდალურ საქართველოში.
ძირითადად იხმარებოდა უმაღლესი სიუზერენის, მეფის, აგრეთვე მთავრის შვილების აღსანიშნავად. სხვა მებატონეთა შვილები იწოდებოდნენ თავადიშვილებად, აზნაურიშვილებად, ერისთვისშვილებად და ა. შ. ტერმინ „ბ-ის“ გაჩენამდე და შემდეგ მის პარალელურად იხმარებოდა ტერმინი უფლისწული. ფეოდ. საქართველოში ბ-ს გამოყოფილი ჰქონდა მამული, რ-იც საბატონიშვილოდ, საუფლისწულოდ იწოდებოდა.
საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1801) შემდეგ ბ-ების დიდი ნაწილი რუსეთში გაასახლეს, მამულები მისცეს და ჯამაგირიც დაუნიშნეს. ასე მოისპო ქართ. ფეოდ. საზ-ბის უმაღლესი ფენა ბ-ებისა. XIX ს-ში ბ-ად იწოდებოდნენ საერთოდ ფეოდალების შვილები ‒ თავადების და ზოგჯერ აზნაურებისაც კი.
შ. ხანთაძე