ბეღელი

ბეღელი, მშრალი თაველის, მარცვლეულის და ფქვილის შესანახი ნაგებობა, უმთავრესად ხისა (წაბლი, ცაცხვი, თელა).

ბ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი: სამეგრელოში – ბაღ-ბაღუ, ზემო სვანეთში – ბაღ. ბ-ის სინონიმად იხმარება ხულა (ქვემო სამეგრელო, იმერეთი, გურია), ხარო (იმერეთი). ბ. მეტწილად ეზოში დგას. იგი კვადრ. ფორმის ერთსართულიანი (ან მეორე სართულზე, სხვა სამეურნეო ნაგებობაზე დაშენებული) ოთხ მაღალ ბოძზე შემდგარი, ისლით, ჩალით, ყავრით ან კრამიტით გადახურული ნაგებობაა. მთის ზონაში ბ. ზოგჯერ საცხოვრ. სახლის კომპლექსში შედიოდა. იგი სხვენზე (გურია, აჭარა) ან სახლის პირველ სართულზე (ზემო სვანეთი) არსებულ ნაგებობაში გემ-გუემ-ში იყო მოთავსებული. ფშავ-ხევსურეთში ბ. საკულტო შენობადაც იყო მიჩნეული (ხევსურული ტაძარ-ბ. ფშაური ბ.-ამბარი), სადაც ხატის მამულიდან მოწეულ მარცვალს ინახავდნენ. ერთსართულიანი ბ. ერთ ან ოროთახიანია. ერთოთახიანი ბ-ის რამდენიმე ვარიანტია ცნობილი: უაივნო, კვადრატული („კოთხო“), აივნიანი; უკანასკნელი სამგვარია: ღიააივნიანი (ორსვეტიანი), მოაჯირიანი, რ-საც დაჩარხულრიკულებიანი მოაჯირი და სვეტის ზედა ნაწილზე დაფანჯრული ჩუქურთმები აქვს, და დახურულაივნიანი, რ-საც საჰაეროდ ღიობებს უკეთებენ და მშრალი პროდუქტის დროებით სათავსად იყენებენ. ოროთახიანი ბ-ის ერთი ოთახი კვადრატული იყო, თვლებად დაყოფილი (გატიხრული), მეორე კი („ბეღელ-ოთახი“ ან ზოგჯერ „ხულა“) – სასტუმროდ ან ახალდაქორწინებულთა დასაძინებლად განკუთვნილი. ბ-ს ხშირ შემთხვევაში ორსართულიანი შენობის ზემო სართული ეკავა. ამ სახის ბ. მოხსენიებულია ნიკორწმინდის XI ს. სიგელში. გვხვდება აგრეთვე ბ.- სასიმინდე. ბ.- მარანი (ქვემოთ ბ., ზემოთ სასიმინდე ან ზემოთ ბ. – ქვემოთ მარანი) და სხვ. სავსე ბ. ძველთაგანვე ბარაქიანობის სიმბოლოდ იყო მიჩნეული. ბ-თან ხალხ. რწმენა-წარმოდგენებია დაკავშირებული. მათი გამოძახილია მითოლ. პერსონაჟი „დევ-ბეღელა“, საწესო-საფერხულო სიმღერები („ქორბეღელა“, „ბეღლის კრული“ და სხვ.). ლინგვისტური მონაცემებით, ბ. ქართ.-ზანური ენობრივი ერთიანობის ხანას მიეკუთვნება.

ლიტ.: ბ ა რ დ ა ვ ე ლ ი ძ ე  ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივი საკულტო ძეგლები, ტ. 1 – ფშავი, თბ., 1947; რ უ ხ ა ძ ე  ჯ., ხალხური აგროკულტურა დასავლეთ საქართველოში, თბ., 1976; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, [ტ.] 1 – მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში, თბ., 1946.

ჯ. რუხაძე