ბეშთაშენის არქეოლოგიური ძეგლები

ბეშთაშენის არქეოლოგიური ძეგლები, ისტორიულ სოფელ ბეშქენაშენის მიდამოებში თრიალეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 1938–39 (ხელმძღვ. ბ. კუფტინი) შესწავლილი სხვადასხვა დროის ძეგლები: ციკლოპური ციხე, ბრინჯაოსა და ფეოდ. ხანის ნამოსახლარები, ბრინჯაოს ხანის გორასამარხები, ბრინჯაოსა და ანტ. ხანის სამაროვნები. ნამოსახლარი მდებარეობს სოფ. ბეშთაშენის (წალკის მუნიციპ.) ჩრდ-ით 0,5 კმ-ზე, ციკლოპური ციხის ტერიტორიაზე. გათხრილია 3 კულტ. ფენა: I. ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლ.) ფენაში აღმოჩნდა ნაგებობებისა და კერის ნაშთები, სამეურნეო ორმო, კაჟის სამკუთხაყუნწიანი ისრისპირები, დანები, ქვის ჩაქუჩები, ხელსაფქვავები, სპილენძის ხვია, პასტისა და ფერადი ქვის მძივები, თიხისაგან ნაძერწი ცხოველის ქანდაკება. მასალა მტკვარ-არაქსის კულტურას ეკუთვნის. ციხის მახლობლად აღმოჩნდა ამავე დროის სამარხი, რ-შიც იყო თიხის რამდენიმე ჭურჭელი. ნამოსახლარის II ფენა შეიცავდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კერამიკას, შინაური და გარეული ცხოველების ძვლებს, ხოლო III ფენა ფეოდალური ხანისა იყო. ამ ფენაში აღმოჩნდა ოთხკუთხა ნაგებობებისა და თორნის ნაშთები. ბეშთაშენის ციკლოპური ციხის ნაშთების ასაკი დაუდგენელია. ამავე მიდამოებში გათხარეს 7 გორასამარხი, აქედან 4 ადრინდ. ბრინჯაოს ხანის დასასრულს ეკუთვნის (ძვ. წ. 2400/2300 – 2000 წწ.), 3 კი – შუა ბრინჯაოს ხანის საწყის ეტაპს (ძვ. წ. II ათასწლ. პირველი საუკუნეები). ზოგი ყორღანი ორმოიანი იყო, ზოგს კი დასაკრძალავი მოედანი მიწის ზედაპირზე ჰქონდა გამართული. აღმოჩნდა ბრინჯაოს, კაჟისა და ობსიდიანის იარაღი, ოქროს სამკაული, ფერადი ქვის მძივები, შავპრიალა ვარდისფერსარჩულიანი ორნამენტირებული კერამიკა, რ-იც გენეტიკურად აკავშირებს მტკვარ-არაქსისა და თრიალეთის კულტურებს.

ციკლოპური ციხის დას-ით მდ. აღრის მარჯვ. ნაპირას, გაითხარა გვიანდ. ბრინჯაოსა და ადრინდ. რკინის ხანის სამაროვანი. სამარხები ორი ტიპისა იყო: ორმოსამარხები და ქვაყუთები. ორმოსამარხებში აღმოჩნდა თიხის ორნამენტირებული კონუსური ბარძიმები, სხვადასხვა ფორმის ჯამები და სხვ., აგრეთვე ბრინჯაოს მასრაგახსნილი შუბისპირები, სამკუთხაპირიანი სატევრები, ბრტყელი ისრისპირები, კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელი ალისებრპირიანი სატევრები, ცული, ხუთკოპიანი ლახტისთავები, ვერძისთავიანი აბზინდა და კონუსური მოყვანილობის მუზარადი. აქვე აღმოჩნდა განჯა-ყარაბაღისა და სევანის რ-ნებისათვის დამახასიათებელი ბრინჯაოს ნივთები. აღსანიშნავია ბრინჯაოსა და არქაული ტიპის კაჟისპირიანი ნამგლების თანაარსებობა.

ბეშთაშენის სამაროვნის ორმოსამარხები ქრონოლოგიურად რამდენიმე ჯგუფად იყოფა და ზოგადად ძვ. წ. II ათასწლ. II ნახ. და I ათასწლ. დასაწყ. ფარგლებში თავსდება. სამაროვნის ქვაყუთებში აღმოჩნდა ბრინჯაოს პირამიდული ფორმის საკინძები, გუმბათისებრი ბუნიკები, რკინის დანა (რ-საც აქვს ბრინჯაოს სალტე და ლომის თავის გამოსახულება), კერამიკა. თარიღდება ურარტულ ხანაზე გარდამავალი პერიოდით (ძვ. წ. VIII–VII სს.). სამაროვანთა უმეტესობა ძველადვე გაძარცული იყო. ბეშთაშენის ციხის ჩრდ-ით 1939 გათხარეს კიდევ ერთი სამაროვანი, რ-ის ჩრდ. ნაწილში ქვის ფილებით გადახურულ ორმოსამარხებში აღმოჩნდა ძვ. წ. VII–VI სს-თვის დამახასიათებელი მასალა: თიხის შავად გამომწვარი ცალყურა დოქები, ლანგრები, ჯამი, რკინის შუბისპირი და ცალყურიანი დანა, ბრინჯაოს მასიური საკინძები და სხვ. სამაროვნის სამხრ. ნაწილში გათხრილი 69 ქვაყუთი ბ. კუფტინმა ძვ. წ. V ს-ით დაათარიღა. აქ პირველად აღმოჩნდა წითლად გამომწვარი და ანგობირებული თიხის ჭურჭელი, რ-მაც შეცვალა ადრინდ. რკინის ხანისათვის დამახასიათებელი შავი და რუხი ფერის კერამიკა. მათ პროტოტიპებს წინა აზიაში ვხვდებით. არქეოლ. მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმში.

ლიტ.: ა ბ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი  რ., რკინის ათვისების საკითხისათვის აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე (ძვ. წ. XIV–VI სს.), «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1961, ტ. 22 B; გ ო გ ა ძ ე  ე., თრიალეთის ყორღანული კულტურის პერიოდიზაცია და გენეზისი, თბ., 1972; მ ე ნ ა ბ დ ე  მ., დ ა ვ ლ ი ა ნ ი ძ ე  ც., თრიალეთის სამაროვნები. კატალოგი. I, თბ., 1968; საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე  ო., ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, თბ., 1961; მისივე, არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში, თბ., 1969; К у ф т и н  Б. А., Археологические раскопки в Триалети, [кн.] 1. ТБ., 1941; Ч у б и н а ш в и л и  Т. Н., К древней истории Южного Кавказа, [ч.] 1, ТБ., 1971.

 ე. გოგაძე