აუდიტი (ლათ. „audire“ – მოსმენა, იგივე აუდიტორული საქმიანობა/მომსახურება), აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ჩატარებული სამუშაო, რომელიც ავლენს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების, სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების, დაბეგვრის, სამეურნეო-საფინანსო საქმიანობისა და საწესდებო მოთხოვნების უტყუარობას, სისრულეს და მოქმედ კანონმდებლობასა და ნორმატივებთან შესაბამისობას.
შუა ს-ებში, როდესაც ბუღალტრული ანგარიშები და ჩანაწერები გავრცელდა, აუდიტორები ამოწმებდნენ ჩანაწერებს თაღლითობის გამოსავლენად. ადრეული ა. ძირითადად გამოიყენებოდა აღრიცხვის დეტალების დასადასტურებლად. საქართველოში სახელმწიფო კონტროლიორის ინ-ტი 1918 შეიქმნა.
1918–21 საქართვ. დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საკანონმდებლო აქტები, რ-ითაც ჩამოყალიბდა სახელმწ. ფინანს. კონტროლის სისტემა და მისი სტატუსი განისაზღვრა საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის კონსტიტუციით. კომუნისტური მმართველობის პერიოდში დაარსდა სსრკ სახალხო კონტროლის სისტემა. 1991 ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, შეიქმნა სახელმწ. ფინანს. კონტროლის ეროვნ. სისტემა და დაფუძნდა საქართვ. კონტროლის პალატა. 1991–2012 საქართვ. კონტროლის პალატის ფუნქცია იყო საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობა და დარღვევებზე ადმ.-ფინანს. სანქციებით რეაგირება.
2012 კონტროლის პალატა სახელმწიფო აუდიტის სამსახურად გარდაიქმნა. სახელმწ. ა-ის სამსახური საჯარო სამართლის იურიდ. პირების, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი სააქციო საზ-ბებისა და მოქალაქეთა პოლიტ. გაერთიანებების ფინანს. საქმიანობის მონიტორინგს აწარმოებს.
საქართველოში ჩამოყალიბდა უმაღლ. აუდიტორული ორგანოს საპარლამენტო მოდელი (ვესტმინსტერული მოდელი), რ-ის თანახმად, უმაღლ. აუდიტორულ ორგანოს მართავს ერთპიროვნული ხელმძღვანელი, გენ. აუდიტორი. მას ირჩევს პარლამენტი და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე. სახელმწიფო ა-ის სამსახურის ჩამოყალიბების შემდეგ ფინანს. და შესაბამისობის აუდიტორულ საქმიანობას დაემატა ეფექტიანობის ა., რ-ის მიზანია სახელმწ. პროგრამების ეფექტიანობის, პროდუქტიულობისა და ეკონომიურობის შეფასება; ა-ების განხორციელების შემდეგ გაიცემა რეკომენდაციები, რ-ებიც ხელს უწყობს საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას. 2018 გატარებული რეფორმების შედეგად, საქართელოში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ საწარმოების კატეგორიების (განისაზღვრება აქტივების, შემოსავლებისა და დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით) რიცხვი, რ-ებსაც მოეთხოვებათ ფინანს. ანგარიშგების გასაჯაროება.
1992 სახელმწ. ა-ის სამსახური უმაღლ. აუდიტორული ორგანოების საერთაშ. ორგანიზაციის (INTOSAI), 1993 – ევროპული ორგანიზაციის (EUROSAI ), ხოლო 2004 – აზიური ორგანიზაციის (ASOSAI ) წევრი გახდა. ამჟამად საქართველოში 20-მდე აუდიტორული კომპანია საქმიანობს. საწარმოების ანგარიშგებების თითქმის ნახევარს ახორციელებს ქვეყანაში მოქმედი კერძო აუდიტორული ფირმების დიდი ექვსეული – Deloitte & Touche, KPMG, PWC Georgia, RSM Georgia, E& Y Georgia და BDO.
წყარო: საქართველოს კანონი აუდიტორული საქმიანობის შესახებ, «მაცნე», 1995; საქართველოს კანონი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ, «მაცნე», 2009; საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, «მაცნე», 2016.
მ. თოქმაზიშვილი