ბეჭი, 1. ქართული ხალხური ვერტიკალური საქსოვი დაზგის („ყდა“, „აკაზმები“) საბეჭავი, ანუ „ქსლის ჩასაკრავი“ სავარცხელი, პირდაკბილული და მხრებდაქანებული. მისი დანიშნულება იყო ქსლის ძაფებში საზედაო ძაფის ჩაბეჭვა. ამასთანაა დაკავშირებული ფეიქრული ქსოვის მნიშვნელობით საქართვ. რიგ რ-ნებში დღემდე შემონახული ტერმინი ბეჭვა („ტოლის ბეჭვა“). მქსოველის მნიშვნელობით გვხვდება ვეფხისტყაოსანში სიტყვა „მბეჭველი“ („კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა“). ქართული არქეოლ. მასალა მოწმობს, რომ ბ. საქართველოში ბრინჯაოს ხანიდანაა ცნობილი. ამას ადასტურებს ურბნისში ქვაცხელებზე აღმოჩენილი პირდაკბილული ძვლის საბეჭავი (ძვ. წ. III ათასწლ.) და კახეთში, მდ. ილტოს ნაპირზე, არქეოლ. გათხრისას კერამიკასთან ერთად ნაპოვნი ხელის მტევნის მოყვანილობის დაკბილული ძვლის საბეჭავი.
2. ბ. სამკითხაო, ბ-ის ძვალი. საქართველოსა და კავკ. მთიანეთში, აგრეთვე შუა აზიის ქვეყნების მესაქონლეებში გავრცელებული იყო საქონლის ბ-ის ძვალზე ჩრდილების მიხედვით ადამიანის ბედ-იღბლის, საქონლის ბერწიანობა-გამრავლებისა და სხვ. „ამოკითხვა“-გამოცნობა. ბ-ის ძვალს საქართველოში ძველად ხმარობდნენ საწერადაც, იყენებდნენ ოჯახში ანბანის სწავლების დროს.
ლიტ.: ჩაჩაშვილი გ., ქართული ხალხური საქსოვი დაზგები, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1954, ტ. 17 B; ჩიტაია გ., ხევსურული სახლის „სენე“, «ანალები», 1947, [ტ.] 1.
გ. ჩაჩაშვილი