ბაქრაძე არჩილ სპირიდონის ძე [13 (25). II. 1892, თბილისი, ‒ 28. VIII. 1958, იქვე], სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1938), საქართვ. და სსრკ დამს. მწვრთნელი, საკავშ. კატეგორიის მსაჯი ტანვარჯიშში.
1912 დაამთავრა თბილ. სათავადაზნაურო გიმნაზია და იმავე წელს ჩაირიცხა ხარკოვის სახელმწ. უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტზე. 1913 გადავიდა პეტერბურგში სამხ.-სამედ. აკადემიაში. 1915 გაიწვიეს სამხ. სამსახურში; იბრძოდა თურქ. ფრონტზე, საიდანაც 1916 გამოგზავნეს თბილ. სამხ. სასწავლებელში, რ-იც 1917 დაამთავრა. 1917 – 41 მუშაობდა ვაჟთა I გიმნაზიაში (შემდეგ ‒ I საცდელ-საჩვენებელი სკოლა) ფიზკულტურის მასწავლებლად.
1935 მისი თაოსნობით ამ სკოლის ბაზაზე გაიხსნა საქართვ. განსახკომის ბავშვთა სპორტ. სკოლა ტანვარჯიშისა და მძლეოსნობის სექციებით, 1936 დაემატა ფეხბურთის, ჭიდაობის, კალათბურთისა და ფრენბურთის სექციები. ეს იყო ყოფ. სსრკ-ში პირველი ასეთი სკოლა (შემდეგ მსგავსი სკოლები გაიხსნა ჯერ ლენინგრადში, შემდეგ მოსკოვში). ბ. იყო ამ სკოლის მასწავლებელიც და დირექტორიც. 1950 დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. ინ-ტი. 1941 – 58 მუშაობდა აგრეთვე თსუ-ში ფიზ. აღზრდის კათედრაზე უფროს მასწავლებლად.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.