ბაქრაძე გურამ სერგოს ძე (11. XII. 1931 თბილისი, ‒ 5. IV. 1995, იქვე), საგუნდო დირიჟორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1966), საქართვ. სახ. არტისტი (1984).
1957 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია საგუნდო-სადირიჟორო განხრით და იმავე წელს დაიწყო მუშაობა საქართვ. სახელმწ. კაპელაში. ჯერ დირიჟორი იყო, 1963 – 75 კი მისი სამხატვრო ხელმძღვანელი. ამ პერიოდში კაპელის რეპერტუარი გამდიდრდა და გამრავალფეროვნდა: საქართველოში პირველად შესრულდა ჯ. ვერდის „რეკვიემი“, კ. ორფის სცენური კანტატა „კარმინა ბურანა“, გ. სვირიდოვის „პათეტიკური ორატორია“, ო. თაქთაქიშვილის ორატორიები „რუსთაველის ნაკვალევზე“, „ნიკოლოზ ბარათაშვილი“, კანტატა „გურული სიმღერები“, ს. ცინცაძის ორატორია „უკვდავება“, ს. ნასიძის ორატორია „ჩემი სამშობლო“ და სხვ. 1975 – 87 ბ. საქართვ. ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. დამს. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ამ პერიოდში ანსამბლმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, აღსანიშნავია მისი გასტროლები აშშ-სა და კანადაში, აგრეთვე ჰოლანდიასა და კორეის სახ.-დემოკრ. რესპუბლიკაში.
1987-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიაში.