ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე [26. X (7. XI). 1826, სოფ. ხაშმი, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპ. ‒ 10 (22). II. 1890, თბილისი], ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი, ქართ. ისტორიოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენელი. პეტერბ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1879).
დაამთავრა თბილ. სას. სასწავლებელი, შემდეგ მოსკ. სას. აკადემია (1850). 1851 საქართველოში დაბრუნდა. 1852–57 ბ. მუშაობდა გორის სამაზრო სკოლაში. ამავე პერიოდში აქვეყნებდა ისტ.-ეთნოგრ. წერილებს ქართ. და რუს. პერიოდულ პრესაში. 1858–61 მსახურობდა ქუთ. გუბერნატორის კანცელარიაში. 1861-იდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა თბილისში, თანამშრომლობდა კავკ. არქეოგრაფიულ კომისიაში (მონაწილეობდა „კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტების“ 5 ტომის გამოცემაში).
იყო ქართ. გამოცემების ცენზორი, თავჯდომარეობდა საადგილმამულო კომისიებს, ეწეოდა ინტენს. მეცნ. მუშაობას.
ბ-ის ინიციატივით დაარსდა კავკ. არქეოლ. მოყვარულთა საზ-ბა (1873), რ-ის ბაზაზე მისივე თავ-რეობით შეიქმნა კავკ. ისტორიისა და არქეოლ. საზ-ბა (1881–86). ბ-მ სამეცნ. მიზნით იმოგზაურა საქართველოს სამხრ.-დას. რ-ნებში (გურია, აჭარა, შავშეთი, არტაანი, კლარჯეთი და სხვ.). მოგზაურობის შემდეგ დაწერა „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ (1878), „შენიშვნა ბათუმის ოლქის შესახებ“, „ყარსის ოლქის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი“ და სხვ. 1881 მისი თაოსნობით თბილისში ჩატარდა სრულიად რუს. არქეოლოგთა V ყრილობა, რ-მაც დიდად შეუწყო ხელი საქართვ. ისტორიის კვლევის გაფართოებას.
1879 ბ-მ დ. ყიფიანთან და ი. ჭავჭავაძესთან ერთად აქტ. მონაწილეობა მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის დაარსებაში.
1889 მისი ინიციატივით შეიქმნა ქართ. სიძველეთა თავმოყრისა და დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა XIX ს. საქართველოში ‒ თბილისის საეკლ. მუზეუმი. ბ-ის რედაქტორობით გამოქვეყნდა იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“ (ნაწ. I, 1862), ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ (1885), ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულის რუს. თარგმანი (1887) და სხვა.
იგი წერდა ნარკვევებს საქართვ. ისტ. ცალკეულ საკითხებზეც; 1889 გამოაქვეყნა ნაშრომი: „ისტორია საქართველოსი“ (უძველესი დროიდან X ს. დასასრულამდე). XIX ს. 80-იან წლებში გამანადგურებელი პასუხი გასცა ქ. პატკანოვს, რ-იც ხელაღებით უარყოფდა „ქართლის ცხოვრების“, როგორც ისტ. წყაროს მნიშვნელობას. თავის ნაშრომებში ბ. დიდ ყურადღებას უთმობდა ნივთიერი კულტ. ძეგლებს, მათ აღწერას, სალექსიკონო მასალას.
1875 ლექსიკონის სახით შეადგინა „კავკასია ქრისტიანობის უძველეს ძეგლებში“ (რუს. ენაზე), რ-იც შეიცავს ცნობებს საქართვ. და სომხ. ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ (სათანადო ბიბლიოგრაფიითურთ).
ბ. აქტ. მონაწილეობას იღებდა სალიტ. ქართ. ენის გამო გამართულ მსჯელობაში XIX ს. II ნახ. დასაწყისში „მამათა“ და „შვილთა“ დავის დაწყებამდე. „ცისკრის“ 1860 მე-8 ნომერში მან მხარი დაუჭირა თავად ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის მოთხოვნას, რომ სალიტ. ენად გამხდარიყო დარბაისლური (საშუალო სტილის) ენა; აგრეთვე მოთხოვნას წერისა და სალაპარაკო ენის დაახლოების შესახებ. ა. ჯამბაკურ-ორბელიანისაგან განსხვავებით, ბ. თვლიდა, რომ სალიტ. ენის შექმნას ლოგიკისა და გრამატიკის სახელმძღვანელოები კი არა, საზ-ბის ცოცხალი ენისათვის ყურის გდება და ჭეშმარიტ მწერალთა კითხვა უნდა ედოს საფუძვლად.
ბ. თავდაპირველად პოზიტივისტურ თვალსაზრისზე იდგა, შემდეგ კი ქართ. ისტ. აზროვნების რევ.-დემოკრ. მიმართულებას მიემხრო. ისტ. მეცნიერების უმთავრეს ამოცანად იგი მიიჩნევდა ხალხის შინაგანი ცხოვრების შესწავლას.
ბ-მ საფუძველი ჩაუყარა საქართვ. ისტ. დამხმარე მეცნ. დარგებს (პალეოგრაფია და სხვ.).
თხზ.: Сванетия, «Кавказ», 1861, № 1–4; Краткий очерк Гурии, Чурук-су и Аджары, «Известия Кавк. Отдела Русгеогр. об-ва», 1873, кн. 2, ч. 5; Исторический очерк турецкой системы землевладения. Приложение к протоколу Кавк. юрид. об-ва, 1889, № 9.
ლიტ.: დ უ მ ბ ა ძ ე მ., ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), ბათ., 1950; ჩ ი ქ ო ბ ა ვ ა არნ., ილია ჭავჭავაძე ენის შესახებ, ტფ., 1938.
შ. ხანთაძე
თ. უთურგაიძე