ბაქრაძე ზაქარია (შაქრო) დიმიტრის ძე (22. X. 1868, თბილისი,-1939 პოლონეთი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1915), პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალი (1923). დ. ბაქრაძის შვილი.
დაამთავრა თბილ. რეალური სასწავლებელი, კადეტთა კორპუსი და ალექსანდრეს სამხ. სასწავლებელი, შემდეგ - გენ. შტაბის აკადემია. 1913 მსახურობდა აღმ. ციმბირის მე-9 მსროლელთა პოლკში. 1900-01 მონაწილეობდა ჩინეთში რუს. არმიის ლაშქრობაში. რუსეთ-იაპონიის ომში (1904-05) იყო პორტ-არტურის დაცვის მონაწილე, სადაც დაიჭრა. I მსოფლიო ომის (1914-18) დროს მსახურობდა სამხრ.-დას. ფრონტის მე-8 საარმიო კორპუსში. მეთაურობდა მინსკის ქვეით პოლკს (1914). 1916 თავი გამოიჩინა სამხრ.-დას. ფრონტზე ბრუსილოვის არმიის იერიშის დროს.
1918-21 მსახურობდა ქართ. ჯარში, სამხ. სამინისტროში. სომხეთ-საქართველოს (1918-19) ომის დროს იყო ოფიცერთა განსაკუთრებული რაზმის ხელმძღვანელი. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. სამხ. კარიერა გააგრძელა პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში. 1939-მდე იყო ქ. ბიდგოშცეს სამხ. კომენდანტი.
დაიღუპა ავტოკატასტროფაში. დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. ვლადიმერის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
ლიტ.: შ ა რ ა ძ ე გ., ქართული ემიგრაციული ჟურნალისტიკის ისტორია ტ. IV; ჩ ა ჩ ხ ი ა ნ ი ა., დაშნაკთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს 1918-19 წლების ომი, თბ., 2007.
მ. ბახტაძე