ბიბილური თამაზ ალექსანდრეს ძე (9. IV. 1934, სოფ. შრომა, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 10. XII. 1992, თბილისი), მწერალი, ჟურნალისტი.
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1965). პირველი მოთხრობები გამოაქვეყნა 1957 („ცისკარი“, №7), პირველი წიგნი – ნარკვევებისა და მინიატიურების კრებ. „ჩქარა“– 1973.
ბ-ს ეკუთვნის მოთხრობების კრებ. „ნიღაბი“ (1973), რომანი „ჟამი კითხულისა“ (1978), კრებ. „მთვარის შვილი“ (1981), რომანი „შვიდი ხმისა და ტოროლასათვის“ (1984); საყმაწვილო წიგნი „წელიწადის დრონი“ (1989; საქართვ. სახელმწ. პრემია, 1992). ბ-ის პროზა (გარდა რომანისა „ჟამი კითხულისა“) ძირითადად ჩვენი თანამედროვის ფსიქიკას ასახავს. აქ ნაკლებად ჩანს სოფლისა თუ ქალაქის ყოფითი მხარე, გმირების (თვით მწერლისა და მკითხველისაც) მზერა უფრო სულშია ჩაბრუნებული, აქ მიმდინარე პროცესები კი იმდენად ღრმა და ძლიერია, რომ გარეგნული ქმედება ყურადღების მიღმა რჩება. დიდი სიმძაფრით არის წარმოჩენილი ადამიანის მარტოობა, მარტოობის დაძლევის გზა – სიყვარული, მოყვასის სიყვარულის გზა.
ბ-ის პროზა შინაგანი ტრაგიზმით არის დამუხტული, მაგრამ შეფარულ იუმორს დიდი სიმშვიდე შემოაქვს. ყოფნა-არყოფნის საკითხების ფილოს. განსჯა („ჟამი კითხულისა“) მის პროზაში ენაცვლება ყოველდღიურობის ტკივილიან პრობლემებს.
ბ-ის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.
თხზ.: ჟამი კითხულისა, ჩივილი: შვიდი ხმისა და ტოროლასათვის, თბ., 1987; მცირე სარკმელი, თბ., 1988; წელიწადის დრონი, თბ., 1989; მწერლობა (წერილები, პორტრეტები, შტრიხები), თბ., 2011.
ლიტ.: ი მ ე დ ა შ ვ ი ლ ი კ., ბიბილური თ., საუბარი, «მნათობი», 1986, №9.
კ. იმედაშვილი