ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკა (ბერძნ. bibliothēkē < biblion – წიგნი და thēkē – საცავი), კულტურულ-საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო დაწესებულება, ბეჭდვით ნაწარმოებთა საზ. სარგებლობის ორგანიზატორი; კრებს ბეჭდვით ნაწარმოებებს, იცავს მათ, უწევს პროპაგანდას და გასცემს მკითხველებზე, ატარებს აგრეთვე საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიულ მუშაობას და სხვ.

არსებობს ბ-ების ორი ძირითადი ტიპი: ა) მასობრივი, ბ) სამეცნიერო და სპეციალური. დაცული ფონდის შედგენილობის მიხედვით განასხვავებენ უნივერს. და დარგობრივ ბ-ებს, ზოგჯერ – მრავალდარგობრივსაც. ქვეყნის შიგნით ბ-ები განფენილია ტერიტ. და საწარმოო პრინციპით. ყოველი ბ-ის მთავარი საქმეა წიგნადი ფონდის დაკომპლექტება და ორგანიზაცია, კატალოგიზაცია და მკითხველთა მომსახურება.

ბ., როგორც წერილობითი ძეგლების საზ. საცავი, უძველეს დროში შეიქმნა. ცნობილია ძვ. წ. VII ს. შუა ხანებში ასურეთის მეფის ასურბანიფალის ბ. (სოლისებრი ნაწერი თიხის ფირფიტების კრებული) ქ. ნინევიაში. ბ-ები არსებობდა ძვ. ეგვიპტის ტაძრებშიც. ანტ. ბ-კებიდან ცნობილია პერგამონის ბ., ალექსანდრიის ბ. (ძვ. წ. III ს.) ევროპაში ადრეულ საუკუნეებში ბ-ები არსებობდა დიდ მონასტრებსა და ტაძრებში. აღორძინების ხანაში, განსაკუთრებით წიგნის ბეჭდვის გამოგონებასთან (XV ს.) დაკავშირებით, იქმნება საჯარო ბ-კები. XVII–XIX სს. აღმოცენდა ბ-კები, რ-ებმაც შემდგომ შეიძინეს საერთო-ეროვნ. და მსოფლიო მნიშვნელობა (მაგ., ბოდლის ბ. ოქსფორდში, 1602; სამეფო ბ. ბერლინში, 1661; ბრიტანეთის მუზეუმის ბ., 1753; აშშ კონგრესის ბ., 1800; ბრიუსელის სამეფო ბ., 1837 და სხვ.). XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში განვითარდა საჯარო ბ-ების ქსელი. თანამედროვე უახლესი ელექტრონული ტექ. განვითარების საფუძველზე შეიქმნა მსოფლიო ან რეგიონული მნიშვნელობის კომპიუტერული ქსლები (მაგ., BITNET, MCI-mail, Compuserve, EUNET (ევროპული ქსელი და მისი ნაწილი Relcom დსთ-ის ქვეყნებისათვის და სხვ.), სადაც სამეცნ., სასწ., სამთავრობო ორგანიზაციებსა და საკომერციო სტრუქტურებთან ერთად ჩართულია მსოფლიოს დიდი ბ-ები ამ ქსლების აბონენტების საბიბლიოთეკო მომსახურებისათვის.

საქართველოში საბიბლიოთეკო საქმიანობა დიდხანს მხოლოდ ეკლესია-მონასტრებთან იყო დაკავშირებული. ეკლესია-მონასტრების დაარსებისას უპირველეს საქმედ წიგნსაცავის შექმნა ითვლებოდა. განსაკუთრებით მრავლად სწირავდნენ მათ წიგნებს მეფე-დედოფლები, დიდგვაროვანი აზნაურები და გლეხებიც კი. X ს-ში საკმაოდ მოწესრიგებული ჩანს წიგნების დაცვის, სარგებლობისა და აღნუსხვა-აღწერის საქმე; წიგნებით სარგებლობა მხოლოდ და მხოლოდ საცავში შეიძლებოდა და აქედან მათი გატანა არ იყო დაშვებული. მდიდარი საეკლ.-სამონასტრო წიგნსაცავები იყო მცხეთაში, თბილისში, ქუთაისში, თელავში, გელათსა და იყალთოში. საკმაოდ სრულყოფილი წიგნადი ფონდები იყო დაცული ალავერდში, ნეკრესში, გარეჯაში, რუისში, ქვათახევში, შიომღვიმეში, შატბერდში, საბაწმინდაში, ტბეთში, ბოლნისში, ლარგვისში, ჯრუჭში, მარტვილში და თითქმის ყველა პატარა თუ დიდ ეკლესია-მონასტერში; უცხოეთში – სინის მთაზე, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, ათონში (საბერძნეთი), პეტრიწონში (ბულგარეთი). ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართ. ლიტ. ძეგლიდან ცნობილია, რომ V ს-ში დედოფალ შუშანიკს საკუთარი წიგნები ჰქონია. წიგნების განსაკუთრებით დიდ კრებულს ფლობდა დავით აღმაშენებელი; კარგი წიგნსაცავი ჰქონდა ერეკლე II-ს, დიდი და მოწესრიგებული ბ. ჰქონდა თეიმურაზ ბატონიშვილს, რაზედაც ნათლად მეტყველებს ამ წიგნების კატალოგი, რ-იც ავტორის სიცოცხლეშივე ფრანგულად თარგმნა და გამოაქვეყნა მარი ბროსემ. მდიდარი საგვარეულო წიგნსაცავები ჰქონდათ სხვადასხვა დროს თავად დადიანებს, გურიელებს, აბაშიძეებს, წერეთლებს, ჭავჭავაძეებს, ყიფიანებს, ვაჩნაძეებს და სხვ. აღსანიშნავია, რომ თელავის სემინარიის რექტორის დავით ალექსი-მესხიშვილის საშინაო წიგნსაცავით მაშინდელი ინტელიგენციის დიდი ნაწილი სარგებლობდა. საბიბლიოთეკო საქმის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართ. სტამბის დაარსებამ თბილისში (1708–09). XVIII ს. I ნახევარში იოსებ თბილელმა საფუძველი ჩაუყარა თბილ. სიონის წიგნსაცავს. XIX ს. დამდეგს შეიქმნა პირადი, საშინაო წიგნსაცავები; მდიდარი ბ-ები ჰქონდათ ა. ჭავჭავაძეს (1854 ლეკთა შემოსევის დროს განადგურდა), იონა ხელაშვილს, ა. და ვ. ორბელიანებს. მნიშვნელოვანი იყო პ. იოსელიანის წიგნსაცავი, სადაც თავმოყრილი იყო მრავალი ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნი. დ. დადიანისაგან მემკვიდრეობით მიღებული წიგნსაცავი, რ-იც შეიცავდა უძველეს და იმჟამინდელ წიგნებს მისმა შვილმა ნ. დადიანმა უსასყიდლოდ გადასცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. მდიდარი წიგნსაცავი ჰქონდა საჩხერეში გ. წერეთელს. აღსანიშნავია ს. დოდაშვილის სანიმუშო წიგნსაცავი. თეიმურაზ ბატონიშვილი ცდილობდა დაენერგა საქართველოში წიგნების საზ. სარგებლობის კულტურა; ანდერძის თანახმად, მისი წიგნების საყოველთაო ხმარებისათვის უნდა გამოყოფილიყო ერთი შენობა, მაგრამ ეს არ მოხერხდა. 1830 ე. კიტოვამ თბილისში გახსნა კერძო ბ.-სამკითხველო, რ-იც შეიძლება ჩაითვალოს სახ. ბ-ის პირველ ნიმუშად საქართველოში; ბ-ში ძირითადად თავმოყრილი იყო რუს. და უცხ. ლიტ-რა, ჩამოყალიბებული ჰქონდა წიგნით სარგებლობის წესები, მომსახურებაც იმ დროისათვის მაღალ დონეზე იდგა. აღსანიშნავია, რომ ე. კოტოვას ბ-ის შექმნაც და გახსნაც შედიოდა 1832 შეთქმულების ხელმძღვანელთა, მ. შ. ს. დოდაშვილის გეგმებში. ამ ბ-ში გადამალული იყო აკრძალული ლიტ-რა (ცენზურაგაუვლელი 10 წიგნი). 1832 ბ. გაჩხრიკეს და დახურეს კიდეც. ა. გრიბოედოვის ცდა თბილისში საჯარო ბ-ის გახსნისა უშედეგოდ დასრულდა. 1842 დ. ყიფიანის თაოსნობით თბილისში დაარსდა საბიბლიოთეკო ამხანაგობა, რ-შიც შედიოდნენ გ. ორბელიანი, ვ. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი, მ. თუმანიშვილი, დ. ჯორჯაძე, დ. ჭავჭავაძე, ზ. ერისთავი, ზ. ფალავანდიშვილი, კ. დადიანი, ი. კოცებუ, ნ. ბეზაკი, კ. ორლოვსკი, დ. არზანოვი, ს. ვასილევსკი და სხვ., ამხანაგობის მთავარი ამოცანა იყო თბილისში საჯარო ბ-ის დაარსება. შეიმუშავეს წესდება, აირჩიეს ხელმძღვანელები და 1843 მათ მიერ შექმნილმა ბ-მ მუშაობა დაიწყო დ. ყიფიანის ბინაში. მარი ბროსემ ამ ბ-ს მრავალი წიგნი შესწირა. თბილისის კერძო ბიბლიოთეკა, როგორც ამ ბ-ს უწოდებდნენ, ფაქტობრივად, პირველი ყველაზე სერიოზული და ორგანიზებული საერო სარგებლობის ბ. იყო. იარსება 1848-მდე. 1846 თბილისში გაიხსნა კარლ პელტიეს უცხ. წიგნების სავაჭრო, რ-თანაც არსებობდა სამკითხველო. მან გარკვეული სამსახური გაუწია ქართველთა შორის უცხოურ ენებზე დაბეჭდილი წიგნის გავრცელების საქმეს. ამავე წელს გაიხსნა „მეფისნაცვლის კანცელარიასთან არსებული ბიბლიოთეკა“, რ-ის ბაზაზე შეიქმნა შემდგომში საქართველოს რესპუბლიკური სახელმწ. ბ. (1991-იდან – საქართვ. ეროვნ. ბ.). XIX ს. 50–70-იან წლებში საქართველოში არსებობდა აგრეთვე თბილ. პირველი გიმნაზიის, კეთილშობილ ქალთა სასწავლებლის, თბილ. სემინარიის, ქუთ. გიმნაზიის, თელავის სემინარიის, გორის სას. სასწავლებლის ბ-ები; საკმაოდ კარგი ბ-ები ჰქონდათ დუშეთის, გორის, თელავის, სიღნაღის, ახალციხისა და სხვა სამაზრო სასწავლებლებსაც. 1870 თბილისში გაიხსნა ი. ივანოვის ბ.-სამკითხველო კაბინეტითურთ, ამ საქმის სულისჩამდგმელი ნ. ნიკოლაძე იყო; მან წიგნების დიდი რაოდენობა შესწირა ბ-ს და მის საქმიანობასაც ხელმძღვანელობდა. 1876 ეს ბ. დახურეს ვალების გადაუხდელობის გამო. ამავე პერიოდში განუზომელია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ღვაწლი საბიბლიოთეკო საქმის განვითარებაში. 1894 საფუძველი ჩაეყარა ქუთ. საჯარო ბ-ს.

XX ს. დასაწყისში საგულისხმო იყო ო. კაიდანოვას „იაფფასიანი“ ბ-ის საქმიანობა (დაარსდა 1888). ეს იყო პირველი ორგანიზებული ბ., რ-საც თავისი ჩამოყალიბებული სტრუქტურა ჰქონდა და სპეც. მეთოდებს იყენებდა მკითხველთა მომსახურების საქმეში. ამ პერიოდში ყველა სახ. ბ. მეტ-ნაკლებად ავრცელებდა არალეგალურ ლიტ-რას. 1902 მეფის ხელისუფლებამ დახურა ოზურგეთის მაზრის ბ., როგორც მომხდარი „ბუნტის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. 1904–05 ბევრგან დაიხურა როგორც სკოლა, ისე ბ. ალიხანოვის დამსჯელმა რაზმებმა ცეცხლს მისცეს ზესტაფონისა და ხარაგაულის ბ-ები. 1909 ძმებმა სტეფანე, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილებმა თბილ. სახ. სახლში გახსნეს სახალხო ბ.-სამკითხველო, რ-იც შემდგომ საფუძვლად დაედო ქალაქის ცენტრ. ბ-ს.

I მსოფლიო ომმა (1914–18) საგრძნობლად შეაფერხა ბ-ების განვითარების საქმე. 1918 თბილისში მუშაობა შეწყვიტეს ავლაბრის, ნავთლუღის, ვერის ბ-ებმა. მაგრამ ამავე წელს დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.

1921 ბოლოსათვის საქართველოში იყო 129 მასობრივი ბ. ქალაქად დაარსდა საქალაქო და პროფკავშირული ბ-ები, რ-ნებში – რაიონული ბ-ები, ქოხ-სამკითხველოები. საფუძველი ჩაეყარა საბავშვო ბ-ებსაც, ხოლო სასკოლო ბ-ები გამსხვილდა და გაძლიერდა; განვითარდა სამეცნ. ბ-ები. 1923 დაარსდა ქუთაისის ისტ. და ეთნოგრ. მუზეუმის ბ., სადაც მდიდარი წიგნადი ფონდია. 1924 საქართველოში გაიხსნა წიგნის პალატა, რ-მაც დიდი მუშაობა ჩაატარა ქართ. წიგნის აღრიცხვისა და გავრცელების საქმეში. 1930 ჩამოყალიბდა საქართვ. საბიბლიოთეკო კოლექტორი, 1941 მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. ფუნდამენტურმა ბ-მ, რ-იც სათავეში ჩაუდგა სამეცნ. დაწესებულებათა ბ-ების ქსელს.

II მსოფლიო ომის პერიოდში საბიბლიოთეკო საქმე შეფერხდა, ომის შემდეგ კი სწრაფად იწყო განვითარება. 1960 საქართვ. კულტ. სამინისტროსთან შეიქმნა საუწყებათაშორისო საბიბლიოთეკო საბჭო. 1980 საქართველოში განხორციელდა სახელმწ. მასობრივი ბ-ების ქსლის ცენტრალიზაცია.

დეპოზიტური დაცვის (ნაკლებად ხმარებული ლიტ-რის შენახვა) სისტემაში გამოიყო წამყვანი ბ-კები, მ. შ. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და სხვ. დიდი მუშაობა ჩატარდა ბ-ების ფონდების ორგანიზაციისა და კატალოგიზაციის დარგში. 1965-იდან საქართვ. მეცნ. აკად. ცენტრ. ბ-მ დაიწყო „ახალშემოსული უცხოური ლიტერატურის საინფორმაციო ბიულეტენის“ გამოცემა (1974-იდან ბიულეტენი რესპ. მნიშვნელობისაა). განვითარდა საერთაშ. წიგნთგაცვლა, მ. შ. საბიბლიოთეკათშორისო აბონემენტით. უცხ. ვალუტით წიგნების გამოწერას რესპუბლიკაში უძღვებოდა საქართვ. მეცნ. და ტექნოლ. სახელმწ. კომიტეტი. დიდი მუშაობა ტარდებოდა რესპ. ბ-ების მატერ.-ტექ. პირობების გასაუმჯობესებლად (ახ. შენობები აქვს თსუ-ის ბ-ს, გ. მიქელაძის სახ. სახელმწ. რესპ. სამეცნ. ტექ. ბ-ს); აშენდა ეროვნ. ბ-ის წიგნსაცავი. წამყვან ბ-ებში მკვიდრდება საბიბლიოთეკო პროცესების მექანიზაციისა და ავტომატიზაციის სისტემები და სხვ. ტარდება ღონისძიებები საბიბლიოთეკო მუშაკთა კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

მასობრივი ბ-ები გაერთიანდა ცენტრალიზებულ საბიბლიოთეკო სისტემებში – ცსს (1987 იყო 80 ცსს), რ-თა მეთავე ბ-ები არის თბილისში, სოხუმში, ბათუმში, ცხინვალში და ყველა ქალაქსა და რ-ნულ ცენტრში. მაგ., თბილისში ცსს-ის მეთავეა თბილისის საქალაქო სამეცნიერო ბიბლიოთეკა (აქვს 59 ფილიალი), ხოლო ცენტრალიზებული საბავშვო საბიბლიოთეკო სისტემისა – ნ. ნაკაშიძის სახ. ბ. (აქვს 12 ფილიალი).

სამეცნიერო ბ-ების ფართო ქსელია შექმნილი უნივერს. და დარგობრივი პროფილით; საკოორდინაციო ცენტრებია რესპ. და საოლქო ბ-ები. მთავარი ადგილი უჭირავს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, მეთოდური ხელმძღვანელობისა და მეცნ. მუშაობის ცენტრს; წიგნების ფონდში 15 მლნ-მდე დაცვითი ერთეულია (1993).

რეგიონებში ანალოგიურად მუშაობდნენ აფხაზეთის სახელმწიფო რესპუბლიკური სამეცნიერო ბიბლიოთეკა, აჭარის სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბ-ის ფონდში 3 მლნ-ზე მეტი დაცვითი ერთეულია (1993), მეთოდურად ხელმძღვანელობს აკად. სისტემის 44 სამეცნ.-კვლ. დაწესებულების დარგობრივ ბ-ებს, რ-თა საერთო ფონდში 3,1 მლნ. დაცვითი ერთეულია (1993). სამეცნ.-ტექ. ბ-ების მეთოდ. ცენტრია რესპუბლიკური სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკა. მის ფონდში 21 მლნ-მდე დაცვითი ერთეულია (1993). მედიცინის სპეციალისტებს ემსახურება სამეცნ.-სამედ. ინფორმაციის რესპ. ცენტრის ბ., რ-ის ფონდში 1 მლნ-მდე დაცვითი ერთეულია (1993) და გამოცემული აქვს ბიბლიოგრაფიული საძიებლები. განათლების სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის ფონდში 1,5 მლნ-მდე დაცვითი ერთეულია (1993); მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს სასკოლო, სკოლისგარეშე მუშაობის დაწესებულებებისა და მეთოდკაბინეტების ბ-ებს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს სპეც. ტექ. ბ-ები, რ-ებიც თითქმის ყველა დიდ უწყებასა და საწარმოშია (მაგ., საავიაციო ქ-ნის ბ. და სხვ.). რესპ. უმაღლეს სასწავლებლებში დიდი და კარგად ორგანიზებული ბ-ებია. მათი მეთოდ. ცენტრია თსუ-ის სამეცნ. ბ., რ-ის ფონდში 3,5 მლნ-ზე მეტი დაცვითი ერთეულია (1993). დიდ მუშაობას ატარებს აგრეთვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, რ-ის ფონდში 1,8 მლნ. დაცვითი ერთეულია (1993). მდიდარი ფონდები აქვს საქართვ. აგრარული და ს.-ს ორბელიანის სახ. პედ. უნ-ტების, ზოოტექ.-სავეტერინარო, ი. ჭავჭავაძის სახ. უცხოური ენების პედ., თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. და კინოხელოვნ. ინ-ტებისა და ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიის ბ-ებს.

სამეცნ.-მხარეთმცოდნეობითი მუშაობისა და ბ-ების ბიბლიოგრაფიული საქმიანობის უზრუნველსაყოფად დიდ მუშაობას ეწევა ს.-ს. ორბელიანის სახ. საქართვ. სახელმწ. სამეცნ.-საწარმოო გაერთიანერბა წიგნის პალატა.

საბავშვო და ახალგაზრდობის ბ-ები. საბავშვო ბ. ყველა ქალაქში არსებობს, მასობრივ ბ-ებში შექმნილია შესაბამისი განყ-ბა ან ცალკე ფონდი. რესპუბლიკაში არის 270 დამოუკიდებელი საბავშვო ბ. (1993). თბილისში ფუნქციონირებს ლ. ასათიანის სახ. რესპ. საბავშვო ბ. ფონდში 130 ათ-მდე დაცვითი ერთეულია (1993). 1968 თბილისში დაარსდა ახალგაზრდობის საქალაქო ბ., რ-იც შემდეგ საქართვ. მ. გელოვანის სახ. ახალგაზრდობის სახელმწ. რესპ. ბ-დ გადაკეთდა (1974). ემსახურება 15–20 წლის ახალგაზრდებს.

1992-თვის რესპუბლიკაში იყო ყველა ტიპისა და უწყების 8-10-ზე მეტი ბ. (12 ათ. მუშაკი), მ. შ. 4 ათ-მდე კულტ. სამინისტროს სისტემისა, 3 ათ-ზე მეტი განათლების სისტემისა, 44 ბ. აკად. სისტემისა, 132 მეცნ. და ტექ. კომიტეტისა, პროფკავშირული სისტემისა და სხვ.

1995 საქართველოში შეიქმნა „ბიბლიოთეკების განვითარების ფონდი“, რ-საც მჭიდრო კონტაქტები აქვს საზღვარგარეთის ქვეყნებთან (ბ-ების დაკომპლექტება, კომპიუტერიაზაცია და სხვ.). მიმდინარეობს მუშაობა თბილ. ბ-ების შეერთებულ კატალოგზე.

ნ. გურგენიძე

ა. ლორია