ბაქრაძე თამარ ივანეს ასული (28. XII. 1907, სოფ. ხაშმი, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, ‒ 18. VI. 1995, თბილისი), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1967).
დაამთავრა თსუ ისტ. ფაკ-ტი და რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრთან არსებული დრამ. სტუდია (ორივე 1930).
1930 – 63 რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. საუკეთესო როლები: ტატიანა (ბ. ლავრენიოვის „რღვევა“), ამალია (ფ. შილერის „ყაჩაღები“), მიქაელა კოროლიო (გ. მდივნის „ალკაზარი“), ემილია და გერტრუდა (უ. შექსპირის „ოტელო“ და „ჰამლეტი“), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), კნეინა ჩიტუნია (შ. დადიანის „გუშინდელნი“), ოთარაანთ ქვრივი (ი. ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის მიხედვით“), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), სალომე ჭავჭავაძე (მ. მრევლიშვილის „ნიკოლოზ ბარათაშვილი“), ქეთევან დედოფალი (ს. შანშიაშვილის „გიორგი სააკაძე“) და სხვ.
1964-იდან ბ. თბილ. სახელმწ. კონსერვატორიაში მიიწვიეს მსახიობის ოსტატობისა და მეტყველების კულტურის მასწავლებლად. გადაღებულია ფილმებში „ჩრდილი გზაზე“ (მაგდა, 1956), „ენგურის ნაპირებზე“ (მარიამი, 1961) და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ა. გვენცაძე