ბაქრაძე ივანე ირაკლის ძე [9 (21). IX. 1898, სოფ. ხაშმი, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, - 13. XI. 1980, თბილისი), მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1954), პროფესორი (1955), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1956).
1925 დაამთავრა თბილ. პოლიტექ. ინ-ტის მექანიკური ფაკ-ტი. 1925 – 33 მუშაობდა თბილ. საბურღი იარაღების ქ-ნაში (1976‒91 თბილ. საწარმოო გაერთიანება „ჩარხმშენებელი“, 1993-იდან‒ჩარხმშენებელი), 1933–59 ‒ თბილ. რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინ-ტში (1953–59 ‒ პრორექტორი), 1959–62 იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში მანქანათა ნაწილების კათედრის გამგე.
1962-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. მანქანათა მექანიკის ინ-ტის მანქანათა ნაწილების გაანგარიშების განყ-ბის გამგედ. ბ-ის შრომები ეხება კბილა და ჭიახრახნული გადაცემების ცვეთისა და ჩაჭექის თეორიას, ელექტრომავლებში გამოყენებული კბილანების გამძლეობის გადიდებისა და პოლიმერული მასალისაგან დამზადებული დეტალების გაანგარიშების საკითხებს და სხვ.
თხზ.: ტვირთამწევი მანქანები, თბ., 1961; Расчет червячных передач с архимедовым и эвольвентным винтом на заедание, კრ.: Проблемы качества и прочности зубчатых передач, в. 3, М., 1961.