ბაქრაძე იოსებ ზოსიმეს ძე [ 1 (13). II. 1850, სოფ. არბო, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, ‒ 14 (27). V. 1904, თბილისი], პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.
XIX ს. 70-იანი წლებიდან ჟურნალ-გაზეთებში („დროება“, „ივერია“, „მნათობი“ და „კვალი“) აქვეყნებდა ლექსებს, წერილებსა და თარგმანებს „ი. ელაქიძის“, „ი. ოქრიაშვილის“, „გ. თენაძის“, „გ. ციმაკურიძის“ ფსევდონიმით. იგი ქართვ. ხალხოსნებთან ერთად იღვწოდა, მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, ზრუნავდა ქართ. თეატრის რეპერტუარზე. გ. სუნდუკიანთან ერთად თარგმნა მისი პიესები „პეპო“ (1875), „ხათაბალა“, „კიდევ ერთი მსხვერპლი“.
ბ-მ თარგმნა აგრეთვე ჯ. ბაირონის „ჩაილდ ჰაროლდი“ („ივერია“, 1879), უ. სკოტის „აივენჰო“ (დაიბეჭდა ცალკე წიგნად, 1895, 1938), ვ. ალფიერის „ვირგინია“ (1873), კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“, ფ. შილერის „მარიამ სტიუარტი“ (1892) და „პაცის ჯალაბობა“, ვ. პოტოს „საქართველო და მისი ისტორიული წარსული დრო“ (დაიბეჭდა ცალკე წიგნად, 1894). ბ-ის ზოგი ორიგინ. თუ თარგმნილი ლექსი ‒ „მე ქართველი ვარ!“, „სიმღერა“ („არც სახლი მაქვს, არც კარი“), ჰ. ჰაინეს „ტურფავ, ტურფავ“ და სხვ. ხალხურ სიმღერებად იქცა.
თხზ.: კრებული, თბ., 1938.
ლიტ.: ბ უ რ ჯ ა ნ ა ძ ე ქ., რამდენიმე სიტყვა XIX საუკუნის ერთ მივიწყებულ პოეტზე, «ცისკარი», 1972, № 6.
ქ. ბურჯანაძე