ალ-ბაღდადი

ალ-ბაღდადი ალ-მუვაფაკ ალ-დინ აბუ მუჰამად აბდ ალ-ლატიფ იბნ იუსუფ (1161/62, ბაღდადი, ‒ 1231, იქვე), არაბი მეცნიერი.

განათლება მიიღო ბაღდადსა და მოსულში. დაწერა 166 ნაშრომი ცოდნის სხვადასხვა სფეროში (გეოგრაფია, ისტორია, ფილოსოფია, მათემატიკა, მედიცინა...), მ. შ. მემუარული ჟანრის თხზულება, რ-ის ნაწყვეტებიც შემოგვინახა XIV ს. არაბი ისტორიკოსის ალ-ზაჰაბის „ისლამის ისტორიამ“. ამ თხზულებაში ბ. ახასიათებს თავის თანამედროვე მრავალ სახელმწ. მოღვაწეს, გადმოგვცემს XIII ს. I მესამედის პოლიტ. ამბებს.

საყურადღებოა მისი ცნობები 1221 საქართველოში მონღოლთა პირველი შემოსევების, ქართველთა მარცხისა და მონღოლთა წინააღმდეგ არზრუმის საამიროსთან მათი სამხ. კავშირის შესახებ. მოთხრობილია რუსუდანის ქორწინება არზრუმის გამგებლის ვაჟზე. მოტანილია ვრცელი ცნობები ხვარაზმელთა შესახებ. აღსანიშნავია, რომ ხვარაზმშაჰ მუჰამადს (1200–20) სურდა თბილისის დაპყრობა და მისი გადაქცევა თავისი სახელმწიფოს დედაქალაქად. აღწერილია ჯალალ ალ-დინის (ჯალალედინი) შემოსევები საქართველოში, მოხსენიებულია უთანხმოება ქართველთა ბანაკში, რამაც თავი იჩინა გარნისის ბრძოლაში (1225), ნაჩვენებია ხვარაზმელთა სისასტიკე, რ-იც აღემატებოდა მონღოლებისას.

ლიტ.ჯაფარიძე გ., ახალი არაბული წყარო XIII საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის, «ცისკარი», 1980, № 1, გვ. 134 – 138.

გ. ჯაფარიძე