ბაღდავაძე ეკატერინე ნიკოლოზის ასული

ბაღდავაძე ეკატერინე ნიკოლოზის ასული (24. X. 1916, თბილისი, - 15. VIII. 1975, იქვე), ფერმწერი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1954).

დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1940). მისი პედაგოგები იყვნენ ვ. სიდამონ-ერისთავი, დ. კაკაბაძე, მ. თოიძე, უ. ჯაფარიძე. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1940-იდან. იყო გამომც. „ნაკადულის“ მხატვარ-რედაქტორი (1948–53). ბ-ის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია რომანტიკულობა, წმინდა კოლორიტი და მსუყე ფერწერული მონაცემები.

შექმნა ქალთა განზოგადებულ-იდეალიზებული პორტრეტები: „ქალი მარაოთი“, 1944; „მეჩონგურე ქალი“, 1945; ისტ. პირთა („თამარ მეფე“, 1969; „მანანა ორბელიანი მეგობარ ქალებს შორის“, 1947) და ავტოპორტრეტები (1943, 1945, 1969, 1970).

დიდი ადგილი დაუთმო ისტ. თემას („გიორგი სააკაძის გამოთხოვება ოჯახთან“, 1959); ქართვ. და რუს პოეტთა ცხოვრებას („შეხვედრა ა. წერეთელთან“, 1945; „ლერმონტოვი საქართველოში“, 1948; „პუშკინი ორთაჭალის ბაღში“, 1946). გააფორმა საბავშვო წიგნები (ა. ტოლსტოის „ბურატინოს თავგადასავალი ანუ ოქროს გასაღები“, 1952).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.