ბაღდათის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში. (იმერეთის რეგიონი), დას-ით და ჩრდ.-დას-ით ესაზღვრება ვანის და წყალტუბოს, ჩრდ-ით და ჩრდ.-აღმ-ით ‒ თერჯოლისა და ზესტაფონის, აღმ-ით ‒ ხარაგაულის, სამხრ-ით ‒ ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტები. ფართ. 815, 4 კმ 2. მოსახლ. 21,6 ათ. კაცი (2014). ცენტრი ‒ ქ. ბაღდათი.
ბ. მ-ში არის 1 ქალაქი, 25 სოფელი, 6 სათავო სოფელი: ვარციხე, მეორე ობჩა, პირველი ობჩა, როხი, საკრაულა, წითელხევი; 6 თემი: დიმის, ზეგნის (ცენტრი‒ზედა ზეგანი), ნერგეეთის, როკითის, ფერსათის, ხანის.
ისტორიული ცნობა. ბ. მ-ის ტერიტ. უძველესი დროიდან არგვეთში შედიოდა. გვიანდ. შუა საუკუნეებში საჩხერის შემადგენლობაში იყო (მას ხშირად გაღმართსაც უწოდებდნენ). ადრინდ. შუა საუკუნეებში ტერიტ. ეკლესიურად ვარდციხის (როდოპოლისის) ეპისკოპოსს ემორჩილებოდა, ხოლო XI ს-იდან ‒ ქუთათელის სამწყსოს. გვიანდ. ფეოდ. ხანაშიც ბ. მ-ის ყმა-მამულების დიდი ნაწილი ქუთათელის საეპისკოპოსოს კუთვნილება იყო, ნაწილი კი ‒ ჩხეიძეთა სათავადო სახლისა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან მიერთების შემდეგ (1810) ბ. მ-ის ტერიტ. ბაღდათის ოლქში შევიდა. 1930-მდე ახლანდ. ბ. მ-ის ტერიტ. შედიოდა ქუთაისის მაზრაში, 1930-იდან გამოიყო ცალკე რ-ნად. 1940–90 ეწოდებოდა მაიაკოვსკის რ-ნი.
ბუნება. ბ. მ. უმეტესად მაღალ-, საშუალ-დაბალმთიანი რელიეფით ხასიათდება, შედარებით მცირე ნაწილი უჭირავს ვაკე-დაბლობს. მთავარი ოროგრ. ერთეულია ეოცენური ვულკანოგენური ქანებით აგებული მესხეთის ქედი, რ-ის თხემზე აღმართულია მწვერვალები: ნაგება (2619 მ), დიდმაღალი, წყალწითელა და სხვ. ამ ქედის ჩრდ. განშტოებები (მწვერვალები: ბოლოკოური, მოღობილა, ურემა და სხვ.) სწრაფად დაბლდება იმერეთის დაბლობისაკენ და შუა ნაწილში მათი აბსოლ. სიმაღლე 1700 მ ოდნავ აღემატება, ხოლო ქ. ბაღდათის მიდამოებში 1000 მ-ზე ნაკლებია. მუნიციპ-ის მთიან ნაწილს ჩრდ-ით გასდევს 300–400 მ სიმაღლის გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი, რ-ის ნეოგენური თიხებით, ქვიშაქვებითა და მერგელებით აგებულ ვიწრო ზოლში გავრცელებულია მეწყრული მოვლენები. მუნიციპ-ის ფარგლებში შემოდის უმთავრესად მდინარეული ნალექებით აგებული იმერეთის დაბლობის ნაწილი, რ-ის სიმაღლე 70 მ-მდეა. მესხეთის ქედზე მდებარეობს ზეკარის უღელტეხილი (2182 მ), რ-ითაც ბ. მ. უკავშირდება ახალციხისა და ადიგენის მუნიციპ-ებს.
ბ. მ. მდიდარია უნიკალური სამკურნ. მინერ. წყლით (საირმე), მდ. ხანისწლის აუზში მოიპოვება საშენი ქვა.
ჰავა. მუნიციპ-ში ზღვის ნოტიო სუბტროპ. ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული, საშუალ და მაღალმთიან ზონაში ‒ ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული. საშ წლ. ტემპ-რა დაბლობზე (დიმი) 14°C, დაბალმთიან ზონაში (საირმე) 9°C, შესაბამისად, იანვ. 4,4 – 0,3°C, ივლ. 23, 17,4°C აბსოლ; მინ. ‒ 18 და ‒23°C, აბსოლ. მაქს. 42 და 37°C. ნალექები 1200 – 1500 მმ წელიწადში, ნალექების მაქს. ზამთარშია, მინ. ‒ ზაფხულში.
მთავარი მდინარეა ხანისწყალი (რიონის მარცხ. შენაკადი). მნიშვნელოვანი შენაკადებია: ლაიშურა და საკრაულა (მარჯვ.), ქერშავეთი და წაბლარასწყალი (მარცხ.). მდ-ები საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა ‒ ზაფხულსა და შემოდგომაზე. დაბლობზე გავრცელებულია ალუვიური და სუბტროპ. ეწერი ნიადაგები. დაბალ და საშუალო მთიანეთში დიდი ფართობი უჭირავს ტყის ყომრალ ნიადაგს: სუბალპ. ზონაში მთის მდელოს კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგებია, ალპ. ზონაში‒მცირე სისქის მთის მდელოს კორდიან-ტორფიანი ნიადაგი. მესხეთის ქედის კალთები შემოსილია ტყით. გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში გავრცელებულია წიფლნარ-რცხილნარი, ტყეში ხარობს წყავი, შქერი, ბაძგი და სხვ. დაბალ- და საშუალმთიან ზონაში გაბატონებულია წიფლნარი, რ-შიც შერეულია რცხილა, ნეკერჩხალი, წაბლი, ცაცხვი, თელა და სხვ. ტყის ზონის ზედა სარტყელი უკავია წიწვოვნებს ‒ ნაძვნარ-სოჭნარს, რ-იც მთავრდება სუბალპ. ტყით.
მესხეთის ქედის კალთები ტყის ზონის ზემოთ უჭირავს სუბალპ. და ალპ. მდელოებს. მუნიციპ-ის ფარგლებშია აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი. სოფლების როკითისა და ვარციხის მიდამოებში შემორჩენილია რელიქტური ძელქვის ცალკეული ეგზემპლარები.
ცხოველთაგან გავრცელებულია ირემი, შველი, გარეული ღორი, არჩვი, მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი, გარეული კატა, ტურა, მელა, წავი, კვერნა, კურდღელი და სხვ.; ფრინველებიდან გვხვდება ტყის ქათამი, ოფოფი, მწყერი, გარეული მტრედი, გვრიტი, შაშვი, მოლაღური, კოდალა, ჩხიკვი, ჩხართვი, ქორი, მიმინო, ძერა და სხვ. მდ-ებში ბევრია თევზი, მ. შ. კალმახი.
ძირითადი ლანდშაფტები: 1. ალუვიური ვაკე-დაბლობი კოლხური მცენარეულობით ალუვიურ და სუბტროპ. ეწერ ნიადაგებზე; 2. მთა-ტყის ლანდშაფტი ფართოფოთლოვანი და წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყით ტიპურ და გაეწრებულ ყომრალ ნიადაგებზე; 3. მთა-მდელოს ლანდშაფტი სუბალპ. და ალპ. მდელოებით მთის მდელოს კორდიან და კორდიან-ტორფიან ნიადაგებზე.
მოსახლეობის უმეტესობა ქართველები არიან. მცირე რაოდენობით ცხოვრობენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 400 მ-მდეა. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვეა 26,5 კაცი 1 კმ²-ზე (2014).
მეურნეობა. ბ. მ-ის სამეურნეო პროფილს განსაზღვრავს მევენახეობა (ვაზის მთავარი ჯიშებია ცოლიკოური, ძველშავი, ციცქა) და მის ბაზაზე შექმნილი მეღვინეობა (ამზადებენ ორდინარულ და სამარკო სუფრის ღვინოებს). გავრცელებულია აგრეთვე მებაღეობა, მოჰყავთ მარცვლეული (უმთავრესად სიმინდი) და ბოსტნეული კულტურები. განვითარებულია სახორცე-სარძეო მიმართულების მესაქონლეობა, მეღორეობა და მეფრინველეობა.
მრეწვ. მთავარი დარგია კვების მრეწვ., მუნიციპ-ში არის ღვინისა (ბაღდათი, ვარციხე, დიმი, ობჩა, წითელხევი) და საკონსერვო (ბაღდათი) ქ-ნები. საირმეში ხდება მინერ. წყლის ჩამოსხმა. ბაღდათში არის ადგილ. საშენი მასალებისა და ფართო მოხმარების საგნების დამამზადებელი საწარმო. მუნიციპ-ის სამეურნეო და კულტ. ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს საავტ. ტრანსპორტი. აქ გადის ქუთაის‒ბაღდათ‒ბენარის საავტ. გზა.
კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. მუნიციპ-ში არის საჯარო, სამუსიკო და სპორტ. სკოლები, ვ. მაიაკოვსკის სახლმუზეუმი (ბაღდათი), სახ. თეატრი. მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ და კურორტები საირმე და ზეკარი.
ისტორიული-ხუროთმოძღვრული ძეგლები. ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ამაღლების ეკლესია წითელხევის მახლობლად (X ს.), დევაძეების ეკლესია წითელხევში (X–XI სს., გადაკეთებულია გვიანდ. შუა საუკუნეებში); წმ. გიორგის ეკლესია ქვედა ზეგანში, საირმის, ობჩის წმ. გიორგის, როკითის მაცხოვრის ეკლესიები (ყველა შუა საუკუნეებისა), ვარციხე (ადრინდ. შუა საუკ.), დიმის კოშკი (XVII–XVIII სს.).
გ. დევდარიანი
ვ. ჯაოშვილი
თ.ბერაძე