ბაღჩეული კულტურები, გოგრისებრთა ოჯახის ერთწლოვანი კულტურები ‒ გოგრა, საზამთრო, ნესვი.
მხოხავი მცენარეებია, აქვთ გრძელი ღერო (გოგრას ‒ 10, საზამთროს ‒ 5, ნესვს ‒ 3 მ-მდე). გვხვდება როგორც გრძელბარდიანი, ისე მოკლებარდიანი და ბუჩქისებრი ფორმები. სითბოს მოყვარული მცენარეებია. ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპ-რაა 25 ‒ 30°C, დაბალ ტემპ-რაზე (12 ‒ 15°C) ცუდად ვითარდებიან, ხოლო 0°C იღუპებიან.
მოჰყავთ საცხოვრ. ადგილიდან დაშორებულ ნასვენ, ნატყევარ, ყამირ მიწებზე ანდა ბოსტნისა და მინდვრის თესლბრუნვებში. ბ. კ. სასარგებლო, ყუათიანი, სამკურნ. მცენარეებია. საზამთრო და ნესვი დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს, განსაკუთრებით შაქრებს, კერძოდ ფრუქტოზას, რ-იც სიტკბოთი 1,4-ჯერ მეტია საქაროზაზე, 2,2-ჯერ‒გლუკოზაზე. გოგრაშიც ბევრია ნახშირწყლები, მაგრამ გლუკოზისა და სახამებლის სახით. ბ. კ-ის თესლი დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმებსაც (%-ობით): გოგრა ‒ 50, საზამთრო ‒ 35, ნესვი ‒ 30, აგრეთვე ვიტამინებს ძვირფას ზეთს იძლევა საზამთროსა და გოგრის თესლი. მოხალული გოგრის თესლს სამკურნ. თვისებები აქვს ‒ ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნაწლავების პარაზიტი ჭიების გამოძევებას.
საქართველოში ბ. კ-ის მოყვანას უხსოვარი დროიდან მისდევენ. ეს კულტურები შემოტანილია აზიის, აფრ. და ამერ. ტროპ. და სუბტროპ. რეგიონებიდან.
გ. კვაჭაძე