ბაშინჯაღიანი გიორგი (გევორქ) ზაქარიას ძე [16 (28). IX. 1857, სიღნაღი, ‒ 4. X. 1925, თბილისი], სომეხი ფერმწერი, პეიზაჟისტი.
ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში. 1876 – 78 სწავლობდა თბილისში ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელ კავკ. საზ-ბასთან არსებულ ხატვის სკოლაში, 1879 – 83 ‒ პეტერბ. სამხატვრო აკადემიაში მ. კლოდტთან. 1884 იმოგზაურა იტალიასა და შვეიცარიაში.
1899 – 1902 მუშაობდა პარიზში. ბ-ის ნაწარმოებთა ძირითადი თემაა საქართვ. და სომხ. ბუნება: „მთა ყაზბეგი“, „მზესუმზირების მინდორი“, „გაზაფხული კავკასიაში“ და სხვ. შექმნა ნამუშევრები ვეფხისტყაოსნის მოტივებზე.
მისი სურათები ინახება საქართვ. ხელოვნ. მუზეუმსა და სომხ. ხელოვნ. გალერეაში.