ბაშ-კუნგუთი

ბაშ-კუნგუთი, განვითარებული შუა საუკ. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საინგილოში, საქართველოს ისტორიულ პროვინციაში ჰერეთში, დღევანდელ აზერბ. რესპ. შაქის რ-ნის სოფ. ბას-კუნგუთში.

ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. სწორ რიგებად ნაწყობი, სუფთად გათლილი კვადრებით ნაგები ეკლესიის შიგა სივრცე პილასტრების ერთი წყვილითაა დანაწევრებული. პილასტრებიდან გრძივ კედლებზე შენობის დას. და აღმ. კუთხეებზე კედლის თაღებია გადატყორცნილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია დასავლეთის კედელი, რ-ზედაც გრძივი ღერძის გაყოლებით ორი თაღია გადაყვანილი. საკურთხეველი ვრცელია, გეგმით ოდნავ ფორმაშეცვლილი ნახევარწრის მოხაზულობისა. შესასვლელი ორი აქვს. ეკლესიას ჩრდ-იდან ეკვრის მოკლე, გეგმით სწორკუთხა მინაშენი, მის თავზე გამართულია სამალავი, რ-შიც საკურთხევლის ჩრდ-ით მოთავსებულ ნიშში ჩატანებული კიბით შეიძლება მოხვედრა.

ლიტ.: ა დ ა მ ი ა  ი., ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, წგ. 3 ‒ საინგილო, თბ., 1979.

გ. მარჯანიშვილი