ბაქრაძე ლეო (ლეონიდე) პეტრეს ძე (5. XI. 1930, თბილისი, — 29. IV. 1994, მოსკოვი) კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1983).
დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (1953) და კინოსტუდია „მოსფილმთან“ არსებული სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლესი კურსები (ლ. გურევიჩის სახელოსნო, 1976), მუშაობდა საქართვ. სახელმწ. ფილარმონიაში მსახიობად (1953—58). იყო თბილისის კინოს სახლის დირექტორი (1970—73). მუშაობდა დოკუმენტურ კინოში, გადაიღო ფილმები: „იჩქარეთ აკეთოთ სიკეთე“ (1975 – პრიზი საუკეთესო დოკ. ფილმისთვის, II რესპ. კინოფესტ., ბათუმი, 1976), „საერთო რწმენა“ [1977 — საპატიო დიპლომი, კრაკოვის (პოლონეთი) მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-16 საერთაშ. კინოფესტ., 1979], „ცით გატაცებული“ [1978 — I პრემია საუკეთესო დოკ. ფილმისთვის, მე-12 საკავშ. კინოფესტ. (აშხაბადი, თურქმენეთი), 1979], „გული“ [1980 — I პრემია საუკეთესო სამეცნ.-პოპულარ. ფილმისთვის, მე-13 საკავშ. კინოფესტ. (დუშამბე, ტაჯიკეთი), 1980], „მრავალჟამიერ!“ [1980 — I პრემია საუკეთესო დოკ. ფილმისთვის, მე-14 საკავშ. კინოფესტ. (ვილნიუსი, ლიტვა), 1981], „დრო უძლურია“ [1981 ‒ I პრემია საუკეთესო დოკ. ფილმისთვის, მე-15 საკავშ. კინოფესტ. (ტალინი, ესტონეთი), 1982], „ადამიანი ოჩამჩირედან“ [1982 — II პრემია და ვერცხლის მედალი, სპორტული ფილმების მე-9 საკავშირო კინოფესტივალი (კაუნასი, ლიტვა), 1983], „მე თბილისელი ვარ“ (1982), „ოჯახი“ (1982), „ქართველები დიდ თეატრში“ (1982), „კეთილი მებრძოლი“ („მარშალი გელოვანი“, 1983), „რადგან სამშობლოს ერთი გვაქვს თაღი“ (1983), „გამალამაზეთ!“ [1984 — ჟიურის დიპლომი, მე-19 საკავშ. კინოფესტ., (ალმა-ატა, ყაზახეთი), 1986; ნომინაცია რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნ. აკადემიის პრემიაზე „ნიკა“ საუკეთესო სამეცნ.-პოპულარ. ფილმის კატეგორიაში, 1988], „სიყვარული“ [1985 — მთავარი პრიზი ობერჰაუზენის (გერმანია) მოკლემეტრაჟიანი ფილმების 33-ე საერთაშ. კინოფესტ., 1987], „ვინ არის მიწის პატრონი“ (1987), „ლეგენდის სინამდვილე“ (1987), „მისია“ (1989) და სხვ. გადაღებულია ფილმებში „ჭრიჭინა“ (ოპერატორი, რეჟ-ები ს. დოლიძე, ლ. ხოტივარი, 1954) და „ეთერის სიმღერა“ (დიმიტრი არაყიშვილი, რეჟ. ს. დოლიძე, 1956).
ლიტ.: ლეო ბაქრაძე - მოგონებები, ფილმები, თბ., 2023.
მ. კერესელიძე