ბაღაშვილი სპარტაკ ლევანის ძე

ბაღაშვილი სპარტაკ ლევანის ძე (7. VIII. 1914, თბილისი, – 1. II. 1977, თბილისი), კინომსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1963). სტალინური პრემიის ლაურეატი (1941).

დაამთავრა თბილისის სატყეო ინ-ტი (1937) და თბილისის კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობთა სკოლა (1944). კინოში მიიწვია კინორეჟისორმა მ. ჭიაურელმა სახალხო გმირის – არსენა ოძელაშვილის როლზე ფილმში „არსენა“ (1937). წარმატებულ დებიუტს მოჰყვა გმირულ-რომანტიკული სახეები ამავე რეჟისორის ფილმებში: „დიადი განთიადი“ (გიორგი ღუდუშაური, 1938, – სტალინური პრემია, 1941) და „გიორგი სააკაძე“ (ლუარსაბ II, 1942-43). ამავე პერიოდში მონაწილეობდა კ. პიპინაშვილის ფილმებში „ქაჯანა“ (ვანო‒სოფლის მასწავლებელი,1941) და „პოეტის აკვანი“ (სამი როლი: ვაჟა-ფშაველა, მეწისქვილე და გამზრდელი,1947). ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ გამოჩნდა ეკრანზე მთავარ როლში (მეცხვარე მარტია) ფილმში „თეთრი ქარავანი“ (რეჟ-ები თ. მელიავა, ე. შენგელაია 1963). მომდევნო წლებში შექმნილი მნიშვნელოვანი ეკრანული სახეებია: ხევისბერი („ხევისბერი გოჩა“, რეჟ. ნ. სანიშვილი, 1964), იური მალფარი („მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“, რეჟ. ს. ფარაჯანოვი, 1964, უკრაინა), ბობო-კალონი („ნისო“, რეჟ. მ. არიპოვი, 1965, ტაჯიკეთი), მინდია და ღვთისია („ვედრება“, რეჟ. თ. აბულაძე, 1967), პოეტის მამა („ბროწეულის ფერი“, რეჟ. ს. ფარაჯანოვი, 1968, სომხეთი), ლუკაია („მე ვხედავ მზეს“, რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1965), ჯანყვათი („ცისკრის ზარები“, რეჟ. ყ. მგელაძე, 1967), ქალუნდაური („დიდოსტატის მარჯვენა“, რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე, 1970), თავადი („გათენების წინ“, რეჟ. ყ. მგელაძე, 1971), მებორნე („მთვარის მოტაცება“, რეჟ. თ. მელიავა, 1973); მონაწილეობდა ფილმებში: „კოლხეთის ჩირაღდნები“ (რეჟ. დ. რონდელი, 1940), „წყალდიდობა“ (რეჟ. თ. გოშაძე, 1970), „ჩემი ქალაქის ვარსკვლავი“ (რეჟ. ო. აბესაძე, 1970), „ანარეკლი“ (რეჟ. ო. აბესაძე, 1974), „კოლხური ბალადა“ (რეჟ. გ. ხოჯავა, 1975) და სხვ.

ბ-ს, როგორც მსახიობს, გარდასახვის უტყუარი ნიჭი გააჩნდა. მის მიერ განსახიერებული გმირებისთვის დამახასიათებელია უშუალობა, გულწრფელობა, ზნეობრივი სიწმინდე და ემოციურობა. გამოირჩეოდა ჩინებული ტემბრის ხმით.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

დაკრძალულია საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტ.: Р о н д е л и  Л., Спартак Багашвили, М. 1966.

მ. კერესელიძე