ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, მოიცავს ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალს, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალს და ილტოს აღკვეთილს.

დაცული ტერიტორია 2003 წელს შეიქმნა. ილტოს აღკვეთილი მდინარე ილტოს ხეობის სათავე ნაწილს მოიცავს და ზ. დ. 900‒2000 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. აღკვეთილის საერთო ფართობია 6963 ჰა. ის აღმ-ით ესაზღვრება ბაწარის ნაკრძალს, (მოიცავს მდინარე ილტოს ხეობის სათავე ნაწილს), დას-ით ‒ თიანეთის ტყეებს, სამხრ-ით ‒ ახმეტის სატყეო მეურნეობის ტყეებს, ხოლო ჩრდ-ით ‒ ალპურ ზონას. მისი დაარსების მიზანი ილტოს ხეობაში არსებული ტყის ძვირფასი ჯიშების ‒ უთხოვრის, მაღალმთის ბოყვის, ცაცხვის, ნეკერჩხლის, იფნის კორომების და ამ ტყეებისთვის დამახასიათებელი ფაუნის დაცვა და აღდგენაა.

მტაცებელ ფრინველთაგან აქ კაკაჩა, ქორი, მიმინო, ორბი და, იშვიათად, ბატკანძერაც გვხვდება. ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია ზღარბი, კვერნა, კურდღელი, მაჩვი, ტურა, მელა, მგელი, გარეული ღორი, დათვი, შველი, ფოცხვერი და არჩვი. ძალზე იშვიათია წავი.

ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალში შესვლა ნებადართულია მხოლოდ საგანმანათლებლო, არამანიპულაციური სამეცნ. კვლევისა და მონიტორინგის მიზნით. ილტოს აღკვეთილში ეწყობა ბოტანიკური, შემეცნებითი და სათავგადასავლო ეკოტურები.

ხ. წიკლაური