ბახი (Bach) იოჰან სებასტიან (21. III, 1685, აიზენახი,‒28. VII. 1750 ლაიფციგი), კარგად ტემპერირებული კლავირის შემქმნელი, გერმანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მოაზროვნე, მუსიკალური ბაროკოს უდიდესი წარმომადგენელი, რ-მაც უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა პოლიფონიური სტილი. ბახების მუს. დინასტიამ, როგორც ბ-ის წინაპრების, ისე მისი ვაჟების სახით, ღრმა კვალი დაამჩნია გერმ. მუსიკის განვითარების პროცესს. „დიდი ბახის“ ტიტული მ. შ. იოჰან სებასტიანს მიაკუთვნა მსოფლიომ, რაც განაპირობა მის თხზულებებში მხატვრული იდეის ძალამ, გრძნობათა და განცდათა სიმდიდრემ, სახეთა სიმკვეთრემ და ინდივიდუალურობამ. ბ-მა გაამდიდრა და გააფართოვა საორგანო საშემსრულებლო ხერხები და შემოქმედებითი თავისუფლება შესძინა საეკლ. კანონიკურ და პროტესტანტულ ვოკალურ თხზულებებს. ასეთებია მაღალი სიმინორული მესა, მათეს და იოანეს პასიონები და სხვ. ბ-მა ახლებურად გაიაზრა საკრავიერი მუსიკის ჟანრები. ამ სფეროში უდიდესი ისტ. როლი შეასრულა „კარგად ტემპერირებული კლავირის“ ათტომეულმა (48 პრელუდია და ფუგა), რ-იც მოიცავს ყველა არსებულ 24 მაჟორულ და მინორულ ტონალობას, და ამით დაამკვიდრა მუსიკაში სრულყოფილი ტემპერირებული წყობა. ბ-ის ძიებების უმნიშვნელოვანეს გამოვლინებად პოლიფონიური სტილის სრულქმნაში მიიჩნევა მისი მეთოდური ნაშრომი „ფუგის ხელოვნება“. მან უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა მუს. პედაგოგიკას, ამ მიზნით შექმნა მაღალმხატვრული თხზულებები, რ-ებზეც აღიზარდა მთელი მსოფლიოს მუსიკოსთა თაობები. ბ-ის მკვეთრად ეროვნული ხასიათის მუსიკა (რ-ის საფუძველს ფოლკლორი წარმოადგენს), განაზოგადებს ევრ. მუს. აზროვნებას და საფუძველს უმზადებს მსოფლიო მუსიკის ახ. ეპოქას. ბ-ის შემოქმედებაში, ერთი მხრივ, შეჯამდა ევრ. მუსიკის წინა ეპოქების მთელი მონაპოვარი და, მეორე მხრივ, ძლიერი ზეგავლენა მოახდინა შემდგომი თაობების სხვადასხვა მიმართულების კომპოზიტორთა ფორმირებაზე, როგორც ვენის კლასიკოსთა, ისე რომანტიზმისა თუ სხვა მიმართულებების მხატვრულ-ესთეტ. პრინციპების ჩამოყალიბებაზე. ეს განაპირობებს ბ-ის შემოქმედების გამორჩეული მნიშვნელობას ყველა ქვეყნის, მ. შ. საქართვ. საკომპოზიტორო თუ საშემსრულებლო მოღვაწეობაში.
ვერ დავასახელებთ ქართველ შემსრულებელს, რიგით მუსიკოსსაც კი, რ-ის აზროვნებაც ბ-ის მუსიკის ზეგავლენით არ იყოს ჩამოყალიბებული. ბ-ის შემოქმედებითი სპექტრის მრავალფეროვნების მიუხედავად, მას არ შეუქმნია სათეატრო მუსიკა ‒ ოპერა ან ბალეტი. აღსანიშნავია, რომ თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დაიდგა საბალეტო სპექტაკლი ბ-ის სავიოლინო ნაწარმოების „ჩაკონას“ მიხედვით (1975, ქორეოგრაფი გ. ალექსიძე, მხატვარი ნ. იგნატოვი).
1985 ღირსეულად აღინიშნა საქართველოში ბ-ის დაბადების 300 წლისთავი. ამავე წელს მუსიკის ფესტივალები ჩაატარეს საქართველოს სახელმწ. სიმფ. ორკესტრმა ჯ. კახიძის დირიჟორობით და კამერულმა სახელმწ. ორკესტრმა ლ. ისაკაძის ხელმძღვანელობით. საქართვ. სიმფ. ორკესტრმა მოსკ. ბიჭუნათა გუნდთან ერთად შეასრულა მცირე მესები და მონუმ. „იოანეს პასიონი“, ცოტა ადრე კი მესა სი-მინორი. კამერულმა ორკესტრმა შეასრულა ბრანდენბურგის კონცერტი № 5, კონცერტები კლავირისათვის, ორი ვიოლიონისათვის, სიუიტები, სოლო ვიოლონჩელისათვის, კანტატები და სხვა. ბ-ის უკვდავი „მაგნიფიკატი“ უცვლელად არის საქართვ. სახელმწ. კაპელის რეპერტუარში.
მ. კორძაია