ბახტრიონის ბრძოლა 1660, ბრძოლა ბახტრიონის ციხის ასაღებად სპარსელთა წინააღმდეგ კახეთის სახალხო აჯანყების დროს.
ოფიციალურმა ისტორიოგრაფიამ ბ. ბ-ის შესახებ მცირე ცნობები შემოგვინახა. ხალხ. ზეპირსიტყვიერებაში კი მასზე მდიდარი მასალაა დაცული. აჯანყებულთა თავდასხმა ბახტრიონის ციხეზე, სადაც ყიზილბაშთა მთავარი ჯარი იდგა, როგორც ჩანს, ღამით, მტრისათვის მოულოდნელად მომხდარა. აჯანყებულები ამავე დროს თავს დაესხნენ ალავერდის მონასტრის გალავანში გამაგრებულ ყიზილბაშებს. ორივე ციხის მრავალრიცხოვანი გარნიზონი სასტიკად დამარცხდა, ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა საერთოდ აჯანყების წარმატების საქმეში.
ბ. ბ-ში მთავარი როლი კახეთის მთიელებმა ‒ თუშ-ფშავ-ხევსურებმა ითამაშეს. სახ. მთქმელები დღესაც ადიდებენ ამ ბრძოლის მონაწილე მთიელ გმირებს: თუშ ზეზვა გაფრინდაულს, ხევსურ ნადირა ხოშარაულს, ფშაველ გოგოლაურს.
ამ ბრძოლას მიუძღვნა ვაჟა-ფშაველმა თავისი პოემა „ბახტრიონი“.
ლიტ.: ა ს ა თ ი ა ნ ი ნ., ბახტრიონის გმირული ეპოპეის 300 წლისთავის გამო, «მნათობი», 1959, № 8; ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება, ქს. სიხარულიძის გამოც., [ტ.] 1, თბ., 1961.
ნ. ასათიანი