ბახუტაშვილ-შულგინა ოლღა ალქსანდრეს ასული (13. II. 1879, ქუთაისი, ‒ 28. V. 1950, თბილისი), მომღერალი (სოპრანო). საქართვ. სახ. არტისტი (1941), თბილ. სახელმწ. კონსერვ. პროფესორი (1921). ქართ. ვოკალური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ვოკალის ხელოვნებას ეუფლებოდა ე. რიადნოვთან. მისი დებიუტი შედგა თბილ. საოპერო სცენაზე (29. XII. 1901, ლიზა პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“). მეცადინეობა განაგრძო პეტერბურგში, პარიზსა და მილანში. წლების მანძილზე მოღვაწეობდა მოსკოვში (1902 – 04), კიევში (1904 – 06), ოდესაში (1906 – 10), 1917 – 27 ‒ კვლავ თბილ. საოპერო სცენაზე. ბ.-შ. იყო ეთერისა (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“) და გულჩინას (დ. არაყიშვილის „შოთა რუსთაველი“) როლების პირველი შემსრულებელი. თბილ. საოპერო თეატრის სცენაზე შეასრულა სოპრანოს მრავალი პარტია: ტატიანა, ლიზა, იოლანტა, მარია (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „პიკის ქალი“, „იოლანტა“, „მაზეპა“), თამარი (ა. რუბინშტეინის „დემონი“), აიდა (ჯ. ვერდის „აიდა“), ბატერფლაი (ჯ. პუჩინის „ჩიო-ჩიო-სანი“) და მრავალი სხვა.
ბ.-შ. პირველი ქართვ. მომღერალი ქალია, რ-საც მიენჭა საქართვ. სახ. არტისტის წოდება. იგი ერთ-ერთი პირველი ქართვ. პროფესორია ვოკალის დარგში. მისი მოწაფეები (ე. სოხაძე, ნ. ცომაია, პ. ამირანაშვილი, მ. ნაკაშიძე, გ. გოგიჩაძე, მ. ყვარელაშვილი, ლ. გოცირიძე, პ. თომაძე და სხვ.) წარმატებით მოღვაწეობდნენ საოპერო თეატრებსა და საკონცერტო ესტრადაზე. ბ.-შ. ავტორია სამეცნ.-მეთოდური ხასიათის ნაშრომებისა: „ვოკალური პედაგოგიკის ცდა. ბგერის დასაყენებელი ყოველდღიური სავარჯიშოების კრებული“, „კადენციები და მელიზმები“ (1940), „ვოკალიზები მაღალი ხმისათვის ქართულ ხალხურ თემებზე“ (1942).
ლიტ.: მ ჭ ე დ ლ ი ძ ე დ., ქართველ მომღერალთა სამი თაობა, თბ., 1968; Б а х у т а ш в и л и Н., Ряднов, Бахуташвили-Шульгина, Вронский. Очерки по истории вокального образования в Грузии, Тб., 1959.
მ. გედევანიშვილი