ბოსტანაშვილი შოთა აბრამის ძე

შ. ბოსტანაშვილი 

ბოსტანაშვილი შოთა აბრამის ძე (13. V. 1948, თბილისი, – 29. V. 2013, იქვე), არქიტექტორი. დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1972). 1970-იდან მუშაობდა ამავე ინ-ტის არქიტ. ფაკ-ტის საპროექტო ბიუროში (1981-იდან – განყ-ბის ხელმძღვანელი); ეწეოდა პედ. საქმიანობას (1976-იდან).

ძირითადი ობიექტები: მონუმენტი „დიდება შრომას“ ქუთაისში (1981, ვ. დავითაიასთან ერთად; საქართვ. მინისტრთა საბჭოს პრემია „ხუთწლედის მატიანე“, 1983), მემორიალი „ხსოვნის ტაძარი“ სოფ. მუხრანში [1981, ვ. დავითაიასთან ერთად; სოფიის (ბულგარეთი) II საერთაშ. ბიენალის ლაურეატობა და ქ. პლევნის პრემია, 1985; რუსეთის სამხატვრო აკად. დიპლომი, 1987], სამხატვრო გალერეა (1979) და მემორიალი „ხსოვნის კუბი“ სენაკში (1983, მოქანდაკე ვ. მელიქიშვილი; ორივე ნამუშევარი შესრულებულია არქიტექტორებთან გ. გეგელიასა და ვ. დავითაიასთან ერთად), ხელოვნ. ცენტრი დაბა გულრიფშში (1988, ვ. დავითაიასთან ერთად) და სხვ. ავტორია პოემების კრებულისა „ოთხი ლაპარაკი“ (2012).

ბ. არის საერთაშ. კონკურსის "XXI-ის ცივილიზაციის სივრცე" I პრემიის ლაურეატი (1988); აშშ-ის ბიოგრ. ცენტრის მიერ დასახელებულია "2005 წლის ადამიანად". დაჯილდოებულია ღირსების ორდენთ (1998). 

თხზ.: სინაგოგებისა და ებრაული სასაფლაოების არქიტექტურა საქართველოში, თბ., 1998; ბუცა: ხუროთმოძღვარი ვიქტორ ჯორბენაძე, თბ., 2012.

ს. კინწურაშვილი

მ. მაისურაძე