ბოტანიკურ-გეოგრაფიული დარაიონება

ბოტანიკურ-გეოგრაფიული დარაიონება, ფლორისა და მცენარეულობის მრავალფეროვნების გამო საქართველოს ტერიტორია დაყოფილია ბოტან.-გეოგრ. პროვინციებად ოკრუგებად, რ-ებიც ერთმანეთისაგან განსხვავებულია მცენარეულობის ვერტ. სარტყლიანობის სტრუქტურით, ფლორისტული კომპლექსებით, ენდემური გვარებისა და სახეობების შემადგენლობით.

1. კოლხეთის პროვინცია მოიცავს დას. საქართველოს. ჩრდ-იდან მას ესაზღვრება კავკასიონის მთავარი ქედის თხემური ნაწილი აიბგიდან მამისონამდე, აღმ-იდან და სამხრ.-აღმ-იდან – ლიხის, მესხეთის, არსიანისა და შავშეთის ქედები, დას-იდან – შავი ზღვა. პროვინცია გრძელდება თურქეთის ტერიტორიაზე. ტენიანი ჰავისა და მთიანი რელიეფის გამო აქ განვითარებულია მცენარეულობის რამდენიმე ვერტ. სარტყელი: ზღვისპირა ზაფხულმწვანე სუბტროპ., შერეული ფართოფოთლოვანი, მუქწიწვოვანი ტყეების, სუბალპ., ალპ., სუბნივალური და ნივალური. ამ პროვინციისათვის დამახასიათებელია მდიდარი მეზოფილური ფლორის კომპლექსები, რ-ებშიც ჭარბობს კოლხ., კავკასიონისა და კავკ. ენდემური სახეობები. არის აგრეთვე ხმელთაშუაზღვისპირეთის, ევრაზიის, აღმ. აზიისა და სხვ. სახეობებიც, კავკასიონისა და კავკ. რამდენიმე ენდემური გვარი (მაგ., Charesia, Sredinskya, Semphyoloma, და სხვ.). კოლხ. პროვინციის ენდემური გვარებია Woronowia, Alboviodoxa, Chymsydya. მრავალფეროვანია ფლორის ეკოლ. სტრუქტურა. საკმაოდ არის ლითოფიტები, განსაკუთრებით კალცეფიტები (მაგ. აფხ.-სამეგრელოს კირქვიანი ქედებისა და მასივების, რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის კირქვიანი მასივების ოკრუგებში). კირქვიან ეკოტოპებზე უნიკალურია სუბალპ. მდელოს ენდემური ფლოროცენოტიპი, რ-საც ქმნის Woronowia speciosa – Carex pontica და ვიწროლოკალური კალცეფიტური ენდემური სახეობები: საოცარი მაჩიტა (Campanula mirabilis), მეგრული არყი (Betula megrelica), იმერული მარწყვაბალახი (Potentilla imerethica), რაჭული მაჩიტა (Campanula radchensis) და სხვ. სახეობრივი შემადგენლობით მდიდარია მდელომაღალბალახეულობის, ტყის მეზოფილური და ჰემიქსეროფილური ფლორისტული კომპლექსები, მარადმწვანე ქვეტყის დენდროფლორა (წყავი, შქერი, ჭყორი). კოლხ. პროვინცია საქართვ. ტერიტორიაზე დაყოფილია 7 ოკრუგად.

2. ცენტრ. იმიერკავკასიის პროვინცია საქართვ. ტერიტორიაზე მოიცავს კავკასიონის ჩრდ. კალთაზე მდ. თერგის აუზს. წარმოდგენილია ერთი ოკრუგით. დას-ით იგი ვრცელდება ჩრდ. ოსეთში ადაი-ხოხის მწვერვალამდე, აღმ-ით – ბორბალოს მთამდე. განვითარებულია სუბალპ., ალპ., სუბნივალური და ნივალური სარტყლები. მაღალმთა მდიდარია ნაშალ-ღორღიანებისა და მორენების, ხალების, ნაირბალახოვან - მარცვლოვანთა ფლორისტული კომპლექსების სახეობებით; დას. და ჩრდ. კალთები დაფარულია არყნარით (ლიტვინოვისა და რადეს არყი) და დეკიანით. მაღალმთისათვის დამახასიათებელი სახეობაა ყაზბეგური პირთეთრა (Cerastium kazbek); კავკასიონის მონოტიპური გვარებიდან – Symphyoloma, Trigonocaryum.

3. აღმ. იმიერკავკასიის პროვინციაც საქართვ. ტერიტორიაზე ერთი ოკრუგითაა წარმოდგენილი. დას-იდან მას ესაზღვრება მდ. ასისა და არღუნის წყალგამყოფი ქედი. აღმ-ით პროვინცია დაღესტანში ვრცელდება. საშ. და მაღალმთიანი რელიეფის გამო აქ განვითარებულია ტყის, სუბალპ., ალპ., სუბნივალური და ნივალური სარტყლები. ტყის სარტყლისათვის (განსაკუთრებით თუშეთში) დამახასიათებელია ფიჭვნარი, რ-იც არყნართან ერთად სუბალპ. სარტყელშიც გვხვდება. ლანდშაფტში მცირდება დეკიანის როლი. სუბნივალური სარტყლის ნაშალ-ღორღიანების ფლორისტულ კომპლექსში არის ცენტრ. და აღმ. კავკასიონის მონოტიპური ენდემური გვარები Pseudovesicaria, Symphyoloma, Trigonocaryum და იშვიათი, ფიქლოვანი დაღესტნისათვის დამახასიათებელი ენდემური გვარი Pseudobetckea. გვხვდება აგრეთვე მრავალი ქსეროფილური სახეობა.

4. აღმ. ამიერკავკასიის პროვინციაში საქართვ. ტერიტორიაზე ერთიანდება კავკასიონის სამხრ. კალთები ლიხის ქედის აღმ-ით, კავკასიონის სამხრეთული განშტოებები, მცირე კავკასიონის სისტემის – თრიალეთისა და ლოქის ქედები, ერუშეთის მაღლობი და ახალციხის ქვაბული, ქართლისა და კახეთის ვაკე-დაბლობები. დამახასიათებელია ნახევრად უდაბნოს, არიდული ტყეების, შიბლიაკისა და მთის ქსეროფილური მცენარეულობის, ზაფხულმწვანე ფოთლოვანი და მუქწიწვოვანი ტყეების, სუბალპ. და ალპ. სარტყლები. პროვინციის დას. ნაწილში ჭარბობს კოლხ. სახეობებით (ჭყორი, წყავი, შქერი) გამდიდრებული მეზოფილური ფლორის კომპლექსები. დამახასიათებელია არიდული ტყეების (საღსაღაჯიანების, ღვიიანების) ფლორისტული კომპლექსები; ტყისა და მაღალმთის მდელოებისა და ნაშალ-ღორღიანების ფლოროცენოტიპებში ჭარბობს კავკ. ენდემური სახეობები. მცირდება კოლხ. ენდემების რაოდენობა, მათგან აღმ. ნაწილში, მაგ. კახეთის კავკასიონის ოკრუგში, გვხვდება უთხოვარი, ლაფანი, წაბლი და სხვ. ამავე ოკრუგამდე აღწევს ზოგიერთი ჰირკანული სახეობა. იშვიათ სახეობათაგან გავრცელებულია ქართული ზამბახი (Iris iberica), ლაგოდეხური ნაღველა (Gentiana lagodechiana), კახეთის ენდემური სახეობა–მრგვალი წამალი (Gymnospermium smirnowii) და სხვ. ენდემური სახეობებით მდიდარია ახალციხის ქვაბული, სადაც უხვადაა აგრეთვე მცირეაზიური ქსეროფილური კომპლექსების სახეობები. ფლორისტული მრავალფეროვნების გამო პროვინცია დაყოფილია 7 ოკრუგად.

5. წინა აზიის პროვინცია საქართვ. ტერიტორიაზე მოიცავს ჯავახეთის ზეგანს. აქ შემორჩენილია მთის სტეპური და გასტეპებული მდელოების ფლოროცენოტიპის კომპლექსების ნაშთები, რ-თა შემადგენლობაშია წურწუმა, წივანა, კეწეწურა, შვრიელა, იონჯა, ესპარცეტი. სუბნივალური სარტყელი გამოხატულია აბულსა და სამსარზე. ვულკანურ რელიეფზე კი (ტბებსა და ჭაობებში) მდიდარი ფლორისტული კომპლექსებია განვითარებული. ენდემური სახეობებით მდიდარია თეთრობის კირქვიანი მასივი, სადაც ფამფარულას ან კევის ბალახის რამდენიმე ენდემური სახეობაა – ჯავახური ფამფარულა (Scorzonera dzhavakhetica), კეცხოველის ფამფარულა (S. ketzkhovelii). ამ პროვინციაში იზრდება აგრეთვე სომხეთის მთიანეთისა და წინა აზიის სახეობები; პროვინციაში ერთი ოკრუგია.

6. მტკვარ-არაქსის პროვინციაში საქართვ. ტერიტორიაზე გაერთიანებულია ქვემო ქართლის დაბლობი და ელდარის ვაკე-დაბლობი. მცენარეულობის ზონალური ტიპია ნახევრად უდაბნოს ფრაგმენტები (ავშნიანი, ხურხუმოიანი და სხვ.). პროვინცია მოიცავს ერთ ოკრუგს.

რ. გაგნიძე