ბოტანიკური გეოგრაფია

ბოტანიკური გეოგრაფია, ბიოგეოგრაფიული მეცნიერების დარგი, რ-იც შეისწავლის მცენარეული საფრის ფლორისტული კომპლექსებისა და ცალკეულ მცენარეთა გავრცელების კანონზომიერებას, აღწერს დედამიწის მცენარეულ საფარს და განსაზღვრავს მის მნიშვნელობას დედამიწის ამა თუ იმ ნაწილისათვის. ბ. გ. ეყრდნობა გეოგრ., მცენარეთა ეკოლ., ფიტოცენოლოგიის, გეომორფოლ., ფლორისტიკის, ნიადაგთმცოდნეობის, კლიმატოლ. მონაცემებს.

ბ. გ-ს იყენებენ დედამიწის ბუნებრივი დაყოფის (ბოტან.-გეოგრ. დარაიონება) ინდიკატორად.

ბ. გ-ის კვლევის მეთოდია შედარებითი გეოგრ. (სხვადასხვა ბუნებრივ-ტერიტ. მხარის მცენარეული საფრის, ფლორის თავისებურებების შედარება), ეკოლ., ისტ. და კარტოგრაფიული.

ბ. გ-მ ძირითადად XVIII ს-იდან იწყო განვითარება. მის განვითარებაში უცხოელ მკვლევართაგან დიდი ღვაწლი მიუძღვით ი. გმელინს, პ. პალასს, ო. დე სოსიურს, განსაკუთრებით კი ა. ჰუმბოლდტს (1769 – 1859), რ-იც ბ. გ-ის ფუძემდებლად ითვლება. მისი საქმის გამგრძელებელი იყო გ. ვალენბერგი. გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა დან. მეცნიერის ი. სკოუს შრომებს. მას ბ. გ-ის ძირითად ამოცანად მიაჩნდა დედამიწის ფლორისტულ-გეოგრ. დაყოფა, პირველმა (1823) შეადგინა დედამიწის ბოტან.-გეოგრ. რუკა. გერმ. მეცნიერმა ა. გრიზებახმა კლიმატ. ზონების ფონზე პირველმა განიხილა მცენარეულობის კომპლექსები ბოტან.-გეოგრაფიულად. ბ. გ. განსაკუთრებით განვითარდა XIX ს-ში. ამ პერიოდში აღსანიშნავია შვეიცარიელი მეცნ. ო. ჰეერის (1835), გერმ. ა. ფრიკინგერის (1848) და სხვათა შრომები.

ბ. გ-ის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუსმა მეცნიერებმა (ს. კრაშენინიკოვი, ფ. რუპრეხტი, ა. ბეკეტოვი, დ. ლიტვინოვი, ი. პაჩოსკი, ს. კორჟინსკი, ა. გორდიაგინი, ვ. ალიოხინი, ნ. კუზნეცოვი და სხვ.).

ბ. გ-ის განვითარებაში ქართველ მკვლევართაგან გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ვახუშტი ბატონიშვილს (1696 – 1757). იმ დროისათვის მნიშვნელოვანი იყო მის მიერ შემუშავებული საქართვ. მცენარეულობის ზონებად დაყოფის სქემა.

XIX ს. დასასრ. თბილისი უკვე გახდა ფლორისტულ-სისტემატიკური კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი. ამ ფაქტმა, აგრეთვე ქართული უნ-ტის გახსნისთანავე ბოტან. კათედრის ჩამოყალიბებამ უნ-ტში, თბილ. ბოტან. ინ-ტის დაარსებამ ბოტან. ბაღის ბაზაზე XX ს. 30-იან წლებში, ხელი შეუწყო საქართველოში ბ. გ-ის განვითარებას. 1928-იდან დაიწყო სწავლება ბ. გ-ის დარგებისა, მ. შ. ფიტოგეოგრაფიის (ნ. კეცხოველი, მ. სახოკია). ბოტანიკურად ინტენსიურად შეისწავლება საქართვ. ცალკეული ისტ.-ეთნოგრ. რეგიონები– სვანეთი, აფხაზეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქართლი, კახეთი, თრიალეთი, ჯავახეთი, ხევსურეთი, თუშეთი. მოხდა კოლხეთის, კავკასიონის, დას. საქართველოს კირქვიანი რ-ნების, თრიალეთის, კახეთის, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და სხვა მხარეების ბოტან.-გეოგრ. დარაიონება. დადგენილია საქართველოს ადგილი კავკასიის და დედამიწის ბოტან.-გეოგრ. დარაიონების სისტემაში (ნ. კუზნეცოვი, ა. გროსჰეიმი, ნ. და ე. ბუშები, ნ. კეცხოველი, დ. სოსნოვსკი, ვ. გულისაშვილი, ა. კოლაკოვსკი, ა. ხარაძე, შ. ნახუცრიშვილი, მ. სახოკია, ა. დოლუხანოვი, ე. სოხაძე, რ. გაგნიძე და სხვ.).

საქართველოში ჩამოყალიბდა ბ. გ-ის ისეთი დამოუკიდებელი დარგები, როგორიცაა მცენარეთა გეოგრაფია ანუ ფიტოგეოგრაფია, ფიტოქოროლოგია ანუ ბოტანიკური არეალოგია (ტაქსონების არეალების შესწავლა), ფლორისტული და ისტორიული ფიტოგეოგრაფია, კარიოფლორისტიკა (კარიოლოგიური მონაცემების გამოყენება ფლორის ისტორიის საკითხების ასახსნელად). ამ უკანასკნელს საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ა. ხარაძემ.

ბ. გ. მცენარეული საფრის რაციონალური გამოყენების, ბუნების დაცვის, აღდგენისა და მათი სწორი ორგანიზაციის თეორ. საფუძველია. ბოტან.-გეოგრ. დარაიონება გამოყენებულია სახ. მეურნ. დარგების დაგეგმვაში; მიწების ათვისების, წყალმეურნეობისა და სატყეო მეურნეობის განვითარებაში, ქვეყნის ბუნებრივი და ეკონ.-გეოგრ. დარაიონების საქმეში. საქართველოში ამ მიმართულებით მუშაობა ჩატარებული აქვს ნ. კეცხოველს (საქართველოს აგროგეობოტანიკური დარაიონება).

რ. გაგნიძე