ბერაძე გრიგოლ (გიზო) აკაკის ძე (4. X. 1930, სოფ. მუხიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, ‒25. IX. 2001, თბილისი), მოცეკვავე. საქართვ. დამს. არტისტი (1966), მსოფლიო ახალგაზრდობის V (ვარშავა, 1955, I პრემია და ოქროს მედალი) და VII (მოსკოვი, 1957, ორი ვერცხლის მედალი) ფესტივალების ლაურეატი.
1955 დაამთავრა თბილ. პოლიტექ. ინ-ტის მექანიზაციის ფაკ-ტი. სტუდენტობის წლებში ცეკვავდა ამავე ინ-ტის თვითმოქმედ საესტრადო ანსამბლში (ხელმძღვ. ი. ტუღუში). 1955 – 58 მუშაობდა საქართვ. სახელმწ. ფილარმონიაში სოლისტ-მოცეკვავედ. პარალელურად სწავლას განაგრძობდა პოლიტექ. ინ-ტის ასპირანტურაში, მექანიზმების და მანქანების თეორიის კათედრაზე. 1958 – 62 ცეკვავდა საქართვ. ხალხ. ცეკვის სახელმწ. დამს. აკად. ანსამბლში (ხელმძღვ. ნ. რამიშვილი და ი. სუხიშვილი).
საყოველთაო აღიარება ხვდა მის მიერ შესრულებულ ცეკვებს: „ფარიკაობა“, „მთიულური“, და „ყაზბეგური“ (ი. ზედაშიძესთან ერთად). მის შესრულებას ახასიათებდა ცეცხლოვანი ტემპერამენტი. მაღალი პროფ. ოსტატობა. 1968-იდან მუშაობდა საქართვ. მოდისა და ჩაცმის კულტურის სახელმწ. ცენტრში ჯერ მთ. ინჟინრად, ხოლო 1971-იდან ‒ დირექტორად.