ბერაძე ჯუმბერ ვიქტორის ძე (დ. 22. VII. 1944, თბილისი), მოცეკვავე. საქართვ. სახ. არტისტი (1981). 1970 დაამთავრა თბილ. სას.-სამ. ინ-ტის (ახლანდ. საქართვ. აგრარული უნ-ტი) ტექნოლოგიის ფაკ-ტი.
1958-იდან ცეკვავდა თბილ. ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში (ხელმძღვ. გ. დარახველიძე). 1962–82 მუშაობდა საქართვ. ხალხ. ცეკვის სახელმწ. აკად. ანსამბლში. ასრულებდა სოლო პარტიებს ცეკვებში „ყაზბეგური“, „ფარიკაობა“, „მხედრული“, „ხანჯლური“, „შეჯიბრი“ და სხვ.
ბ-ის შესრულება გამოირჩეოდა მაღალი კულტურით, დახვეწილი ტექნიკითა და ტემპერამენტით. 1982–85 იყო საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის გენ. დირექტორის მოადგილე, 1985 – 86 ‒ საქართვ. კულტ. სამინისტროს რესპ. გაერთიანება „საქატრაქციონის“ დირექტორი, 1986–87 ‒ საქართვ. ხალხ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის მთავარი რეჟისორი. 1987-იდან იყო ფირმა „მელოდიის“ თბილ. განყ-ბის დირექტორი.
2019 აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ.