ბერბუკი

ბერბუკი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტში, (შიდა ქართლის რეგიონი), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ცენტრ. ნაწილი), მდ-ებს მეჯუდასა და თორთლას შორის. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., ზემო რეხა, თორტიზა, სვენეთი, ქვემო რეხა, ხელთუბანი). ზ. დ. 640 მ, გორიდან 3 კმ. 873 მცხ. (2014).

ბ. პირველად 1678 იხსენიება საბუთებში. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ბ-ს ასახელებს გორის მიდამოებში მდ. მეჯუდით მორწყულ სოფლებთან. 1865 ბ. თავისი 8 კომლით გორის უბნის სვენეთის სასოფლო თემის შემადგენლობაში შედიოდა. სოფლის განაპირას, სამხრ-ით, დგას პატარა, ერთნავიანი მთავარანგელოზის ეკლესია. გადახურულია კამარით. წარწერის თანახმად, აგებულია 1830. შემორჩენილია აგრეთვე გვიანდ. შუა საუკ. კოშკის ნანგრევები. ორივე ძეგლი ნაგებია რიყის ქვითა და აგურით.

ჯ. გვასალია

შ. საღარაძე