ბერგი ლევ სიმონის ძე [2 (14). III. 1876, ბენდერი, მოლდავეთი, ‒ 24. XII. 1950, ლენინგრადი], რუსი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალისტი და ბიოლოგ-იქთიოლოგი. სსრკ მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1946). რსფსრ მეცნ. დამს. მოღვაწე (1934).
ბ-ს მრავალმხრივი მოღვაწეობის გარდა დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მტკნარი წყლების იქთიოლოგიურ კვლევაში. 1909 იმოგზაურა ჩრდ. კავკასიაში, სამხრ. კავკასიაში, მ. შ. საქართველოშიც, სადაც შეგროვილი მტკნარი წყლების იქთიოლოგიური მასალის ანალიზის საფუძველზე აღწერა 2 ახ. სახეობა (კოლხური კვირჩხილა ‒ Phoxinus colchicus, კავკასიური ბუბირი ‒ Pomatoschistus caucasicus), 2 ქვესახეობა (აღმოსავლური კაპარჭინა ‒ Abramis brama orientalis, ამიერკავკასიური ბლიკა ‒ Blicca bioerkna transcaucasica) და 1 ნაცია (მტკვრის ნაფოტა ‒ Rutilus r. caspius natio kurensis).
ბ-მა პირველმა დაასაბუთა მეცნიერულად, რომ ტბის კალმახი მდინარის კალმახისაგანაა წარმოშობილი.
მ. დემეტრაშვილი