ბერდიკი, ნასოფლარი ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდ. ფოლადაურის მარჯვ. მხარეს, ახლანდ. სოფ. ფოლადაურის (ძვ. ჩათახი) მახლობლად, ბერდიკის ციხის ძირში, სამწევრისის სამხრ.-აღმ-ით, სადაც ახლა ნასახლარები, ეკლესიის ნანგრევები და სასაფლაოა შემორჩენილი.
ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ბ-ს სამწევრისსა და ლურჯვანქს შორის ასახელებს. 1630 საბუთით ირკვევა, რომ 1626-მდე სოფელი გიორგი სააკაძის საკუთრება იყო. 1630 ბ. ქართლის მეფემ სიმონმა ბაკა თულაშვილს უბოძა „მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა, ვენახითა, სახნავითა და უხნავითა“. 1658 ბ. ქართლის მეფემ როსტომმა ერთგულებისთვის საკუთრებად დაუმტკიცა თუმანიშვილებს და XVIII ს. ბოლომდე მათ საკუთრებად ითვლებოდა. 1721 სოფელში ცხოვრობდნენ პაპალაშვილები, ბაქრაძეები, ყადიაშვილები, ჯავარაშვილები, სიხარულაშვილები, იორამაშვილები, მახარაშვილები, მირიანაშვილები, ელიარაშვილები, გარაყანაშვილები, მირონაშვილები.
წყარო: დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, ნ. ბერძენიშვილის რედ. ტ.1, თბ., 1940; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ჟამთააღმწერელი, იქვე, ტ. 2, თბ., 1959; საქართველოს სიძველენი, ე. თაყაიშვილის გამოც., ტ. 2, ტფ., 1909.