ბერდიკის ციხე, ისტორიული ციხესიმაგრე ქვემო ქართლში (ახლანდ. ბოლნისის მუნიციპ.), მდ. ფოლადაურის მარჯვ. მხარეს, თანამედროვე სოფ. ფოლადაურის (ძვ. ჩათახი) მახლობლად.
სახელი ეწოდა ისტ. სოფ. ბერდიკისაგან. ბ. ც. აშენებულია მაღალ კლდეზე, იქ, სადაც ხეობის ვიწროები გაშლილი ველით იცვლება. ნაგებია სხვადასხვა ზომის დაუმუშავებელი ქვით, ზოგან ‒ მეტ-ნაკლებად რეგულარული წყობით; შეიმჩნევა გვიანი შეკეთების კვალიც. შედგება გალავნისა და ზედა ციხისაგან, სადაც ერთმანეთის ახლოს ორი კოშკი დგას. დიდი კოშკი ოთხსართულიანი ყოფილა, სამზერებით გზებს გადაჰყურებს. კოშკებს შორის ნახევრად მიწური სათავსია კამარისებრ გადახურული. შიგნიდან ლასტის ანაბეჭდი ეტყობა. გალავნის შიგნით სხვა სათავსოთა ნანგრევებიც არის. ციხეზე ნაპოვნია მოჭიქული კერამიკის ნამტვრევები, რაც მშენებლობის ტექნიკასთან ერთად ამ ნაგებობას XI–XIII სს-ით ათარიღებს.
ბ. ც-ს მოხერხებული მდებარეობა ეკავა მთისა და ბარის შესაყარზე. იგი აკონტროლებდა ფოლადაურის ხეობაზე გამავალ უმოკლეს გზას, რ-იც „მგლისკარის“ უღელტეხილით ტაშირსა და ლორეში გადადიოდა. ციხე ძლიერ დაზიანდა XIII ს-ში, ჯალალედინის შემოსევის დროს, რ-იც ბოლნისის ხევში იყო დაბანაკებული. ბ. ც. თავის დანიშნულებას ასრულებდა გვიანდ. ფეოდ. ხანაშიც, მაგრამ წერილობით წყაროებში აღარ გვხვდება, თუმცა სოფ. სამწევრისში შემორჩა გადმოცემა, რომ ციხეს საბოლოოდ შანშიაშვილები (სამწევრელი აზნაურები) დაეპატრონენ.
წყარო იხ. სტ-თან ბერდიკი.
დ. ბერძენიშვილი