აფხაზეთის საკათოლიკოსო, დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსო.
მის დაარსებას ზოგი მკვლევარი IX ს. მიაკუთვნებს, ზოგი – X ს. II ნახევარს, ზოგი კი XII–XIII სს. კათედრალი‒ანდრია მოციქულის ეკლესია (ბიჭვინთა). წყაროებში იხსენიება XII–XIII სს-იდან. ა. ს. იყო ქართ. ეროვნ. და ცენტრალიზებული ეკლესია, რ-ის პოლიტ. საფუძველს ქართ. სახელმწიფო ‒ „აფხაზთა სამეფო“ (დას. საქართველო) წარმოადგენდა. ა. ს-ს დაექვემდებარა ლაზიკის სამიტროპოლიტო და აბაზგიის ეპარქიები, რომლებიც განთავისუფლდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დამოკიდებულებისაგან. აფხ. კათოლიკოსს ბიჭვინთის კათოლიკოსსაც უწოდებდნენ. იერარქიულად იგი მცხეთის (სრულიად საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქს ექვემდებარებოდა. XV ს. მიწურულიდან, საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, ა. ს. გამოეყო საქართველოს საპატრიარქოს და შეადგინა დამოუკიდებელი საკათოლიკოსო. ამ აქტს ხელი შეუწყო იმხანად დას. საქართველოში ჩამოსულმა იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქმა მიქაელმა. სეპარატისტულად განწყობილი ადგილობრივი მეფე-მთავრების თხოვნით მან აფხ. კათოლიკოსად აკურთხა ცაიშელ-ბედიელი იოაკიმე.
ამიერიდან აფხ. კათოლიკოსი პატრიარქადაც იწოდებოდა. ამ პერიოდში მისი იურისდიქცია ვრცელდებოდა იმერეთის სამეფოზე, გურიის, ოდიშის, აფხ. სამთავროებზე, დას-ით და ჩრდ-ით კი ბევრად სცილდებოდა ქართ. ეთნ.-პოლიტ. საზღვრებს. ეს აისახა კათოლიკოსის ტიტულატურაშიც: „ლიხთ-იმერთა, ოდიშართა, პონტო-აფხაზ-გურიათა, რაჭა-ლეჩხუმ-სვანთა, ოსთ, დვალთა და სრულიად ჩრდილოეთისა კათალიკოზ-პატრიარქი“. XVI ს. II ნახ-ში, კათოლიკოს ევდემონ ჩხეტიძის (1558–78) დროს, აფხ. კათოლიკოსის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადაიტანეს, რაც გამოწვეული იყო ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის გართულებით (სამეფო-სამთავროებს შორის შინაომები, ოსმ. აგრესიის გაძლიერება აფხაზეთში და ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებულთა თავდასხმები). ბიჭვინთას ამის შედეგადაც არ დაუკარგავს საკათოლიკოსო საყდრის სახელი და მნიშვნელობა. ამ დროისათვის ა. ს-ში შედიოდა შემდეგი საეპისკოპოსოები: ქუთაისის, გელათის, ნიკორწმინდის, ცაგერის, ცაიშის, წალენჯიხის, ჭყონდიდის, ხონის, ხინოწმინდის, შემოქმედის, ბიჭვინთის, დრანდის, ბედიისა და მოქვის. 1814 დას. საქართვ. საკათალიკოსო უშუალოდ შეუერთდა რუს. ეკლესიას. შეიქმნა „საქართველოსა და იმერეთის საეგზარქოსო“. 1917, როდესაც აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, აფხ. ეკლესია შევიდა საქართველოს კათოლიკოსის გამგებლობაში.
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., დასავლეთ საქართველოს საეკლესიო წესწყობილება, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 5, თბ., 1971; კეკელიძე კ., კანონიკური წყობილება ძველ საქართველოში, წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 4, თბ., 1957; ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1, თბ., 1966.
ბ. ლომინაძე