ბოჭორმის ციხე

ბოჭორმის ციხე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დიდი ციხესიმაგრე გომბორის უღელტეხილის ჩრდ.-დას-ით, მდ. ივრის პირას, მაღალ მთაზე, სოფ. ბოჭორმის მახლობლად.

ისტ. წყაროებში იხსენიება X ს. I მეოთხედიდან. ამ დროს იგი კახეთის სამთავროს პოლიტ. ცენტრი იყო და მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტსაც წარმოადგენდა.

გრანდიოზულ ციხესიმაგრეს გარს უვლიდა კოშკებითა და კონტრფორსებით გამაგრებული, მთის რთულ რელიეფთან შერწყმული გალავანი. ციხე ორი ნაწილისაგან შედგება. მთავარია შიდაციხე, რ-იც შუაში, ყველაზე მაღალ და თითქმის სწორ ადგილზე მდებარეობს და, როგორც ჩანს, თავის დროზე ციხე-დარბაზის დანიშნულებას ასრულებდა.

მის ტერიტორიაზე შემორჩენილია ძვ. ეკლესია და სასახლის ტიპის ნაგებობის ნაშთი, აგრეთვე შედარებით ახ. ნაგებობანიც (ერეკლე II-ის დროისა). ბ. ც-ის X ს. წმ. გიორგის ეკლესია წარმოადგენს გუმბათით დაგვირგვინებულ ექვსაფსიდიან ნაგებობას, რ-ის კედლები შიგნიდან შემოსილია შირიმის, გარედან კი – მომწვანო ქვიშაქვის კვადრებით. შენობის ცენტრ. ნაწილის – გუმბათის ირგვლივ განლაგებულია აფსიდებით დასრულებული ექვსი მკლავი. ექვსივეს აქვს ბემები. საკურთხევლის აფსიდის ბემა იმდენად ღრმაა, რომ გარედან სამკუთხა შვერილს ქმნის. მკლავების შეერთების ადგილზე, კუთხეებში, ნახევარსვეტებია, რ-ებზეც დაყრდნობილია გუმბათქვეშა საბჯენი თაღები. მათი შეერთების ადგილზე ამოყვანილი აფრების მომცრო თაღებს ეყრდნობა მრგვალი გუმბათის ყელი. შემაღლებული საკურთხეველი ეკლესიის საერთო მოცულობისაგან გამოყოფილია მოგვიანო, XVIII ს. ქვის კანკელით.

ეკლესიის აფსიდებში შემორჩენილია ლურჯ ფონზე შესრულებული მოხატულობის ფრაგმენტები (XII ს.). გარედან ეკლესია თორმეტწახნაგაა. აფსიდებს შორის ღრმა სამკუთხა ნიშებია ჩაკვეთილი. ქვედა კორპუსის ყოველ წახნაგს თავისი ფრონტონი აქვს, შესასვლელი ორია–ჩრდილოეთისა (მოგვიანებით ამოაშენეს) და სამხრეთისა (კარიბჭით). X–XI სს. ექვსაფსიდიან ეკლესიათაგან (ოლთისი, გუგუბა, კაცხი და სხვ.) ბ. ც-ის ეკლესია მხატვრულად ყველაზე მეტად დასრულებული ნაგებობაა. მისი გეგმა და პროპორციები, აგრეთვე მთელი მორთულობა გააზრებულია როგორც ერთიანი, ჩამოყალიბებული სისტემა.

შიდაციხის სამხრ. ფერდობზე მდებარეობდა სასახლე, რ-იც ასევე ძვ. ქრონოლოგიურ ფენას მიეკუთვნება. დღეისათვის შემორჩენილია ქვედა სართულის ორი ბუხრიანი დარბაზი, რ-ებიც ერთმანეთთან კარითაა დაკავშირებული. სასახლე ნაშენი იყო რიყის ქვითა და ადგილ. კლდის ნატეხი ქვით. კედლების სისქე 1 მ აღწევს. ეკლესიის სამხრ-ით, მაღალ გორაკზე, აღმართულია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით ნაშენი სამსართულიანი ცილინდრული კოშკი, რ-იდანაც კარგად მოჩანს ირგვლივ მდებარე ხეობები. იგი ციხესიმაგრის დაარსების დროინდელი უნდა იყოს. ციხის ყველაზე მაღალ ადგილზე (15 მ სიმაღლეზე) დგას ე. წ. „მეფის დარბაზი“, რ-იც ციტადელთან დაკავშირებულია სათოფურებიანი და ქონგურებიანი კედლებით გამაგრებული 2 მ სიგანის ქუჩა-გასასვლელით და წარმოადგენს კოშკური სახლის ტიპის ნაგებობას. კედლებში დაყოლებულია ნიშები და სარკმლები. მეორე სართულზე დიდი ბუხარია.

ამ ტიპის ნაგებობებს XVIII ს-ში აშენებდნენ. XVII–XVIII სს-ში, ერეკლე II-ის დროს, ციხეს შესამჩნევი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და იგი XVIII ს. ბოლომდე მოქმედი იყო.

ლიტ.: მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი  დ., ციხე-ქალაქი უჯარმა, თბ., 1966; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 2004; М е л и т а у р и  К. Н., Крепости дофеодальной и раннефеодальной Грузии, [т.] 2, Тб., 1971; Ч у б и н а ш в и л и  Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.

ნ. ალხაზაშვილი