ბასიანი, მხარე ისტორიულ სამხრ.-დას. საქართველოში, მდ. არაქსის ზემოწელზე (ამჟამად თურქ. ტერიტორიაზეა).
სახელწოდებას ვარაუდით ფასიანების კოლხურ ტომს უკავშირებენ. თავდაპირველად მოიცავდა მდ. არაქსის ზემოწელს მდ. ახურიანამდე. წინაფეოდ. ხანაში მას გამოეყო ზემო ბასიანი (ვანანდი); მოგვიანებით დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბდა აბელიანიც (ურარტ. აბელიანიხი). ქართ., სომხ. თუ ბიზანტ. წყაროებში „ბასიანად“ იწოდება არაქსის მარჯვ. სანაპიროზე განლაგებული სამთავროებიც, სამეცნ. ლიტ-რაში ეს ქვეყნები სამხრ. ბ-ად არის ცნობილი. საკუთრივ ბ. დღევანდელი გეოგრ. ნომენკლატურით შემოსაზღვრული იყო: დას-იდან და ჩრდ.-დას-იდან კარგაფაზარის ქედით, ჩრდ-იდან‒ჩახირბაბას ქედით, აღმ-იდან ‒ სოღანლუღის მთებით, სამხრ-იდან ‒ მდ. არაქსითა და პალანდიოკენის ქედით. ბ-ის ფართო ხეობა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების დამაკავშირებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, ნაყოფიერი მხარეა, ცნობილია სასმელი და სარწყავი წყაროების, მარცვლეულის, ხე-ტყის (ჩრდ. მხარეს) სიუხვით. გაშენებული ყოფილა ვენახიც. ბ-ის ცხელ წყაროებს ძველთაგანვე იყენებდნენ სამკურნალოდ. XVI ს-მდე პოლიტ., ეთნ. და კულტ. თვალსაზრისით ბ. უმთავრესად ქართული იყო, თუმცა სხვადასხვა რაოდენობით სხვადასხვა დროს სახლობდა არაქართული მოსახლეობაც (სომხები, თურქები, ქურთები) და ტერიტორიულადაც ზოგჯერ შედიოდა სომხ., ბიზანტ. და მაჰმადიანი დამპყრობლების სახელმწიფოებში. ბ-ში მოსახლე ფასიანების დასავლურ-ქართული ტომი პირველად მოიხსენიება ქსენოფონტის „ანაბასისში“ (ძვ. წ. V. ს.). ქსენოფონტის დროს ფასიანები სპარს. მეფის სატრაპს ემორჩილებოდნენ, უფრო ადრე კი სასპერთა ქართველურ გაერთიანებაში შედიოდნენ. იბერიის (ქართლის) სამეფოს წარმოქმნის დროიდან (ძვ. წ. IV–III სს.) ბ. მისი სასაზღვრო მხარე იყო. ამ პერიოდში აქ უნდა დაწყებულიყო აღმოსავლურქართული ტომების მიგრაცია. მათი ნაკვალევია ტოპონიმები ოკომი (ვოკამი) და სამადლო. დამოუკიდებელი სომხ. სამეფოების წარმოქმნისა და ექსპანსიის ხანაში (ძვ. წ. II–I სს.) ბ. მიმდებარე ქვეყნებითურთ (ვანანდი, ტაო, სპერი) დიდმა სომხეთმა დაიპყრო. შემდგომ საუკუნეებში ბ. საცილობელი ტერიტორიაა იბერიასა და სომხეთს შორის. ცვალებადი წარმატებების შემდეგ ახ. წ. II ს-ში იბერიამ ბ. დაიბრუნა, მაგრამ III ს-ში ის ისევ სომხეთმა მიიერთა. ამის შედეგად აქ შერეული მოსახლეობა გაჩნდა. ახ. წ. პირველ საუკუნეებში მოსახლეობის უმრავლესობას ბო(ნ)ხების ქართველური ტომი შეადგენდა, მაგრამ ქრისტიანობის გავრცელების დროიდან სომხ. ყოფისა და კულტურის დანერგვამ გააძლიერა ქართველ ტომთა ასიმილაცია. ახალმოსულმა სომხ. ტალღამ დაფარა და უკვალოდ გააქრო ტოპონიმთა უმრავლესობა. არშაკუნიანთა სამეფოში ბ. არარატის პროვინციის ერთ-ერთ თემს წარმოადგენდა. მას ორდუნთა სახლი ფლობდა, ხოლო ამ საგვარეულოს ამოწყვეტის შემდეგ მათ მამულებს ბ-ის ეპისკოპოსი დაეპატრონა. 387 რომსა და ირანს შორის სომხეთის განაწილების შემდეგ ბ. ირან. გავლენის სფეროში მოექცა, ხოლო 591-იდან ‒ ბიზანტ. იმპერიის საზღვრებში. VII ს. 40-იანი წლებიდან ბ-ს არაბი მოხელე განაგებდა. არაბთა მფლობელობის შესუსტებისა და ქართ. სამეფო-სამთავროების გაძლიერების ხანაში ბ. საცილობელი შეიქმნა ქართველთა სამეფოსა და ბიზანტ. იმპერიას შორის. X ს. 20-იანი წლებიდან მაჰმადიანებისგან განთავისუფლებული ბ. არაქსის მარჯვ. სანაპიროზე აღმართული მასტატისა და აბნიკის ციხესიმაგრეებით და თეოდოსიუპოლითურთ (დღევანდელი ერზურუმი) ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა ხელშია. კონსტანტინე პორფიროგენტმა (913–959) ანგარიში გაუწია ქართველთა ძალასა და მოკავშირეობას და სადავო საკითხი კომპრომისულად გადაწყვიტა: ბ. ორად გაყო, ხოლო საზღვრად მდ. არაქსი დასდო. 979 ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ გაწეული დახმარებისათვის ბასილი II კეისარმა დავით III დიდ კურაპალატს სამხრ. ბ. და ზემო ქვეყნები უბოძა. X ს. დასაწყისისათვის ირან-ბიზანტიასა და ბიზანტია-სახალიფოს შორის ხანგრძლივი ომიანობის გამო ბ. თითქმის დაცარიელებული იყო. ამან ხელი შეუწყო ქართველი კულტ.-ეთნ. ელემენტის შეღწევასა და ადგილ მოსახლეობის რენაციონალიზაციას. დაარსდა ქართული საეპისკოპოსოები ორდრუსა და ვალაშკერტში. დიოფიზიტური საეპარქიოები გაჩნდა ბ-ში (ფასიანი), ვაშლოვანში (ხანძიორზი) და ანდაკში. სომხ. მონოფიზიტური ეკლესია ქართ. ეკლესიასთან ჭიდილში დამარცხდა. ქართ. ელემენტის სრული გამარჯვება ბიზანტ. წყაროებშიც აისახა: ბ. იბერიად, ხოლო მისი მკვიდრნი იბერებად მოიხსენიებიან.
1001 ბ. იმიერტაოსთან ერთად ბიზანტიამ მიიტაცა. გიორგი I-ის (1014–27) ცდა, შემოეერთებინა ბ., უშედეგოდ დამთავრდა. ბ-სა და ტაოში ბასილი კეისრის არაერთგზის ლაშქრობისა და გიორგი I-ისა და მისი მოკავშირეების დამარცხების შედეგად (1021–23) იმპერიამ შეინარჩუნა სადავო ბ.; მისი შემომტკიცების მიზნით, მოგვიანებით ბიზანტიელებმა დაპყრობილ ტერიტორიებზე იბერიის თემი (საკატაპანო) დააარსეს, ხოლო ბ-ის საეპისკოპოსოები კონსტანტინოპოლის პატრიარქს დაუქვემდებარეს. XI ს. 40-იანი წლებიდან ბ. თურქ-სელჩუკთა შემოსევების ასპარეზი შეიქნა. ბ-ში თურქებთან ბრძოლისას ბიზანტიას აქტ. დახმარება გაუწია კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ IV ბაღვაშმა. ბ-ის თურქთაგან გასათავისუფლებლად იბრძოდა დავით IV აღმაშენებელი. XII ს-ში ბ. საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებშია.
XII ს. 60-იან წლებში თურქთა თარეშის აღკვეთის მიზნით აქ ილაშქრა გიორგი III-მ, ხოლო შემდეგ ‒ თამარმა. 1203 ქართველებმა ბ-ში, ბოლოსტიკედ წოდებულ ადგილთან, სასტიკად დაამარცხეს რუმის სულთანი და მისი მოკავშირეები (იხ. ბასიანის ბრძოლა 1203). XIII ს. II ნახევრიდან ბ. სამცხე-საათაბაგოს ეკუთვნოდა. ნაწილობრივ ის ჯაყელთა სახასოს შეადგენდა, ნაწილობრივ კი მამულები ჰქონდათ ყანდურალებსა და აზონისძეებს. ბ. ვალაშკერტის საეპისკოპოსოში შედიოდა და მცხეთის კათალიკოსის უზენაეს ხელისუფლებას ცნობდა. XIII–XIV სს. მიჯნაზე ბ. და ტაო აზმატ-მოსეს თურქ-სელჩუკიანთა ურდოებმა ააოხრეს. ვაშლოვანში ბექა ჯაყელმა დაამარცხა მტრის მრავალათასიანი ჯარი და დაიცვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. XIV ს. II ნახევარში საქართველომ სამხრ. ბ. დაკარგა; 1395-იდან აბნიკის (დღევანდელი პასინლერის სამხრ.-აღმ-ით) ციხეში თემურლენგის მოხელე იჯდა. მომდევნო ხანაში ბ-ს შავბატკნიანთა თურქმანი ელებიც შეესივნენ. 1545 ბ-ში თურქებმა დაამარცხეს საქართველოს მეფე-მთავრები და ამავე წელს ბ-ც მიიტაცეს. ირან-ოსმ. ამასიის (1555) და ზოჰაბის (1639) ზავებმა დაადასტურა ოსმალთა ბატონობა ბ-ზე. XVII ს-ში ბ. სხვა ქართ. ოლქებთან ერთად არზრუმის ვილაიეთს შეუერთდა. XVII ს. თურქი ისტორიკოსებისათვის ბ. სომხ. მხარეა.
XIX ს. მანძილზე სომხ. მოსახლეობის დიდი ნაწილი სამცხე-ჯავახეთში გადასახლდა. საუკუნის მიწურულს ისინი უმცირესობას შეადგენდნენ. ბ-ის დიდი ნაწილი დასახლებული იყო ქურთებით, რ-ებიც ბ-ის მთიანეთში უკვე XIII ს. I ნახევარში ჩანან, და თურქებით. ინგლ. მოგზაურის ჰ. ლინჩის დაკვირვებით, არზრუმის ვილაიეთის ჩრდ. სანჯაყების თუქული მოსახლეობის უმრავლესობა გამაჰმადიანებული ქართველები იყვნენ.
წყარო: არისტაკეს ლასტივერტეცი, ისტორია, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1974; გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, ნაკვ. 2, თბ., 1952; ტ. 5, თბ., 1963; თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის, ც. აბულაძის გამოც., თბ., 1983; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1–4, თბ., 1955–73; Степанос Таронский, Всеобщая история, изд. Н. Эмина, М., 1864.
ლიტ.: ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; მ ი ქ ე ლ ა ძ ე თ., ქსენოფონტის „ანაბასისი“, თბ., 1967; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ტ. 2, თბ., 1980; А д о н ц Н., Армения в эпоху Юстиниана, Ер., 1971; Л и н ч Ф., Б., Армения, т. 2, Тфл., 1910; Л о м о у р и Н. Ю., К истории грузинского Петрицонского монастыря, Тб., 1981.
გ. ჭეიშვილი