ბასილი II (Basileios) ბულგართმმუსვრელი (958, კონსტანტინოპოლი, ‒ 15. XII. 1025, იქვე), ბიზანტიის იმპერატორი 976-იდან.
ბ. II-ს და მის მთავრობას საფრთხე შეუქმნა მცირე აზიაში აჯანყებულმა სამხ. ფეოდ. არისტოკრატიამ ბარდა სკლიაროსის მეთაურობით. აჯანყების ჩაქრობაში ბიზანტ. მთავრობას დავით III დიდი კურაპალატი დაეხმარა 12-ათასიანი ქართველთა ჯარით, რ-საც იოვანე-თორნიკე სარდლობდა. სამაგიეროდ ბიზანტ. საიმპერიო ხელისუფლებამ 979 დავითს ვრცელი სამფლობელოები უბოძა (იხ. დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა). X ს. 80-იანი წწ. ბოლოს ბ. II-ს კვლავ აუჯანყდნენ მსხვილი ფეოდალები ფოკა ბარდას მეთაურობით. ამჯერად დავით III კურაპალატი აჯანყებულებს მიემხრო.
ბ. II-მ დაამარცხა აჯანყებულები, ხოლო დავით III აიძულა თავისი სამფლობელოები ბიზანტიისათვის ეანდერძებინა. დავით III-ის გარდაცვალების (1001) შემდეგ ბ. II-მ დაიპყრო ტაო. ამ ოლქის დაბრუნება 1020–21 სცადა საქართველოს მეფემ გიორგი I-მა, მაგრამ ბიზანტიასთან ომში დამარცხდა.
ბ. II-მ ოლქები და მიმდებარე სომხ. მიწები შეინარჩუნა.
ლიტ.: კ ო პ ა ლ ი ა ნ ი ვ., საქართველოს და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970 – 1070 წლებში, თბ., 1969; Л о м о у р и Н. Ю., К истории восстания Варды Склира, «თსუ შრომები», 1957, ტ. 67; Л о р д к и п а н и д з е М. Д., Из истории грузинского-византийских взаимоотношений на грани X–XI вв., კრ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, ტ. 2, თბ., 1972.
ნ. ლომოური