ბასილი ზარზმელი, IX–X სს. მწერალი და საეკლესიო მოღვაწე.
დაახლ. 916–926 ზარზმის მონასტრის წინამძღვარი იყო. ბ. ზ-მა თავისი ბიძის, IX ს. ცნობილი საეკლ. მოღვაწის, სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებას მიუძღვნა ვრცელი ჰაგიოგრაფიული თხზულება „ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ ღმერთ-შემოსილისა ნეტარისა მამისა ჩუენისაჲ სერაპიონისი“, რ-შიც სერაპიონის საქმიანობის გარდა, გადმოცემულია იმდროინდელი საქართვ. სოც. ყოფის ამსახველი სურათები, სამხრ. საქართვ. მონასტერთა (ზარზმა, ოპიზა, პარეხი, ზანავი) მშენებლობა-აღორძინების ამბები; აღწერილია საზ-ბის სხვადასხვა ფენის ურთიერთობა, ეკლესიის როლი ქვეყნის ცხოვრებაში და სხვ. ბ. ზ. თხზულებაში მოთხრობილი ზოგიერთი ამბის თვითმხილველია, ნაწილი ცნობებისა კი მას სერაპიონის მოწაფეთაგან შეუკრებია. „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“ პირველხარისხოვან ისტ. წყაროდაა მიჩნეული.
ბ. ზ-ის თხზულება ცნობილია მხოლოდ უცნობი ავტორის მიერ XI ს-ში შესრულებული მეტაფრასული (იხ. მეტაფრასი) რედაქციის მიხედვით, რ-ის ერთადერთი, მოსე ჯანაშვილის მიერ მიკვლეული ხელნაწერი, XVI ს. განეკუთვნება. არსებობს მოსაზრება, რომ სერაპიონ ზარზმელი და მისი ცხოვრების აღმწერი ბ. ზ. არიან არა IX–X სს., არამედ VI–VII სს. მოღვაწეები. ეს შეხედულება თვით თხზულებაშივე გადმოცემულ ისტ. სურათს არ ეთანხმება და დაუსაბუთებელი ჩანს.
თხზ. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.
ლიტ.: ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.
ს. ცაიშვილი